მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიუღებელია პასუხი, რომ ეს გლობალური კამპანიის ნაწილია“ - პრემიერი Mcdonald's Georgia-ზე

6492b13f46b23
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.23 12:36
475
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ლგბტ თემის პროპაგანდასთან დაკავშირებით, „მაკდონალსის“ განცხადება, რომ რესტორნების ქსელში ჩაშვებული მომღერალ ელტონ ჯონის შესახებ ბროშურები, გლობალური ბრენდის კამპანიის ნაწილია, საქართველოსთვის მიუღებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აქვე ზოგადად, ლგბტ-თემის პროპაგანდა დაგმო. „მე თქვენი, „იმედის“ საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის 30 ქვეყანაში ჩატარდა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ თავს ლგბტ-დ ახალგაზრდების 22% აცხადებს, რაც ვფიქრობ, საგანგაშო ტენდენციაა. მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში.

მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელ „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა სწორედ ამ [ლგბტ] თემის პროპაგანდა, რას სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანიაა. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ ეს გლობალური კამპანიის ნაწილია და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია მძაფრი და ადექვატური იყო“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგასენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში „ბედნიერი მკითხველების“ პროგრამის ფარგლებში, Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუში ერთი ბრუშურა ელტონ ჯონს ეძღვნებოდა. ბიოგრაფიაში წერია, რომ ის "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“. მოსახლოების ნაწილმა ბროშურაში მოცემული მასალა ლგბტ თემის პროპაგანდად შეაფასა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან. განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებმაც „მაკდონალდსის“ მიერ ლგბტ თემის პროპაგანდა დაგმეს.

საკითხთან დაკავშირებით, „მაკდონალდსის“ მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიშს იხდიდნენ, თუმცა კომპანიამ განცხადება მალევე ახალი განცხადებით შეცვალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადამიანების ძალა მრავალფეროვნებაშია და „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გაკეთებული ბრალდებები კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ამ სერიის ბროშურების ქსელში ჩაშვება გლობალური „მაკდონალდსის“ პროგრამის ნაწილია. „Happy Meal Readers წიგნები გამოცემულია Frances Lincoln Children’s books-ის ლიცენზიით, არის საერთაშორისო, ყველა ქვეყნის „მაკდონალდსისთვის“ ერთნაირი კონტენტით იბეჭდება ჩინეთში და ლიცენზიის პირობებით დაუშვებელია მისი შინაარსის ან კონტექსტის შეცვლა.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოიცა მორიგი წიგნი, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, მომღერლისა და პიანისტის, სერ ელტონ ჯონის ისტორიაზე, მის წარმატებასა და მუსიკის სიყვარულზე მოგვითხრობს. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით.
ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას. წინა პოსტის ბუნდოვანების გამო, გიხდით ბოდიშს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები