ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანია FAS Group-ის განცხადებით, მიუღებლად მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და აფერხებს მის განვითარებას. ასევე, მკაცრად გმობენ ყოველგვარ ძალადობას მოქალაქეებზე.
"FAS Group-ში დაარსებიდან დღემდე, ორგანიზაციის განვითარებას ქვეყნის განვითარების ჭრილში ვხედავთ. მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, შეჩერდეს საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული ნებაა და ამას კონსტიტუციის 78-ე მუხლიც გვიდასტურებს.
დღევანდელი მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და აფერხებს მის განვითარებას. აღარაფერს ვამბობთ გარდაუვალ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს უმძიმესად შეეხება, განურჩევლად სტატუსისა.
ასევე, მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას მოქალაქეებზე. ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. შევხვდებით თავისუფალ და მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში!",- წერია კომპანიის განცხადებაში.