„პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ინვესტორებისთვის ქართული საფინანსო სექტორი საინტერესოა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაციაა, ინვესტორებისთვის დარგი მიმზიდველია, რადგან საქართველო რეგიონში ჰაბად განიხილება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კაპიტალის გაზრდით ვართ დაინტერესებული, ძალიან ბევრ ინვესტორს ვხვდებით და შემიძლია დავადასტურო, რომ ინტერესი საქართველოში, მათ შორის საფინანსო სექტორში ინვესტირების არსებობს, მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ინვესტორები მაინც ჰაბად განიხილავენ. შეიძლება ჩვენი ადგილობრივი ბაზარი მცირე იყოს, მაგრამ მას განიხილავენ როგორც ამიერკავკასიის ცენტრად, მაინც უყურებენ ჰაბად, საიდანაც შეიძლება შუა აზიის ქვეყნებზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, ინტერესი არის. ინვესტორები ხედავენ, რომ ლიცენზირების კარგი პირობები გვაქვს, რეგულატორი მონდომებულია, რეგულატორს შექმნილი აქვს ინოვაციების ლაბორატორია, რომელშიც ბაზრისთვის ბევრი კარგი რამ ხდება. ჩვენ ბევრი არგუმენტი გვაქვს, რატომაც შეიძლება ინვესტორს დავაინტერესოთ, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია და მათ დიდ პერიოდი სჭირდებათ, რომ ჩვენ და ბაზარი შეგვისწავლონ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე ინვესტორების მოლოდინებს, ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასები კვლავ მზარდია.
„28 ოქტომბრის შემდეგ ორი ბანკის აქციები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული, 19-23%-ით გაიზარდა, ესაა ამ კითხვაზე პასუხი. არჩევნების შემდეგ პირველ დღეს აქციები საკმაოდ დაეცა, თუმცა მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ღირებულება მუდმივად იზრდება. ზოგადად, ინვესტორებს ყოველთვის აშფოთებთ და კითხვებს სვამენ, როდესაც ქვეყანაში დესტაბილიზაციაა, თუმცა დანარჩენი იმ ხალხზე და ქვეყანაზეა დამოკიდებული, ვინც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს.
თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში გადავიდა სავაჭრო პარტნიორებთან, ჩვენ ძალიან კარგი ზრდა გვექნება, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.