სტრიმინგპლატფორმა Netflix-მა თითქმის ყველა კატეგორიის პაკეტის გამოწერის საფასურის ზრდა დააანონსა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ 2024 წლის ბოლო კვარტალში რეკორდული, 19 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა.
გამომწერთა ზრდის ასეთმა ტალღამ, რომელიც კომპანიის ისტორიაში უდიდესია, Netflix-ის მომხმარებელთა ჯამური რაოდენობა 302 მილიონამდე გაზარდა, რითაც კომპანია ინდუსტრიის ლიდერია.
ანონსის თანახმად, Netflix-ის სტანდარტული საწევრო, რომელიც აპლიკაციასა და ვებგვერდზე ურეკლამო სტრიმინგს ითვალისწინებს, $15.49-ის ნაცვლად, $17.99 გახდება, ხოლო დაბალფასიანი პაკეტი, რომელიც მომხმარებელს სატელევიზიო პროგრამებზე წვდომას რეკლამების ყურების სანაცვლოდ აძლევს, $1-ით, $7.99-მდე გაიზრდება. კომპანიის ყველაზე ძვირად ღირებული, პრემიუმ პაკეტის ფასი კი, რომელიც 4K ვიდეო გამოსახულებას ითვალისწინებს, $24.99 ეღირება, რაც $2-იანი ზრდაა.
"ვინაიდან ვაგრძელებთ ინვესტირებას პროგრამირებასა და მომხმარებლისთვის მეტი ღირებულების შეთავაზებაში, ჩვენს წევრებს ხანდახან ვთხოვთ, რომ მცირედით მეტი გადაიხადონ, რათა ჩვენ Netflix-ის სამომავლო განვითარებაში რეინვესტირება მოვახერხოთ", - ნათქვამია კომპანიის წერილში.
2024 წლის ბოლო კვარტალში Netflix-ის შემოსავალი 16%-ით, კომპანიისთვის რეკორდულ $10 მილიარდამდე გაიზარდა, საოპერაციო შემოსავალმა კი $2.3 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 52%-იანი ზრდაა. კომპანიის ზრდა გასული წლის ნოემბერში მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას უკავშირდება, რასაც მსოფლიოს მასშტაბით 108 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს მხოლოდ Netflix-ის პლატფორმაზე. კომპანიის წარმატება უკავშირდება ასევე სერიალ Squid Game-ის ("კალმარის თამაშების") მეორე სეზონის ჩაშვებაც, რომელმაც პირველ კვირაში 68 მილიონი მაყურებელი მოიზიდა.