მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2026: ვინ დაესწრება?

MSC

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია წელს 13-15 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე იმსჯელებენ.

2026 წლის კონფერენციაში მონაწილეობა უკვე დაადასტურა სახელმწიფოსა და მთავრობის 65-მდე მეთაურმა. ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან გლობალური პოლიტიკის, აკადემიური წრეებისა და თავდაცვის ინდუსტრიის 450-მდე წარმომადგენელს.

დამსწრეთა შორისაა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობათა ლიდერები და გერმანიის ფედერალური მთავრობის დელეგაცია, კანცლერი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასევე დაადასტურა, რომ მიუნხენის კონფერენციას დაესწრება და ტრამპის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სლოვაკეთსა და უნგრეთში გაემგზავრება. რუბიო მიუნხენს პარასკევიდან კვირის ჩათვლით ეწვევა. კონფერენციას არ დაესწრებიან თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

კონფერენციას ასევე დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 62-ე კონფერენციას ასევე დაესწრება ჩინეთის მთავარი დიპლომატი, ვანგ ი, რომელიც მანამდე უნგრეთს ეწვევა და შეხვედრას თავის კოლეგასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.

ღონისძიებაზე დასწრებას ადასტურებს იაპონიის თავდაცვის მინისტრი კოიზუმი შინჯირო.

დამსწრეთა სრული სია ჯერჯერობით უცნობია და ყოველდღიურად ახლდება. ასევე უცნობია, ვინ დაესწრება კონფერენციას საქართველოდან. როგორც "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, თუმცა თავად კობახიძე გერმანიაში გამგზავრებას არ გეგმავს და არც იმას ამბობს, რა შემადგენლობით წავა ქართული დელეგაცია გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს, "ოცნების" მთავრობას კონფერენციაზე მოსაწვევი არ მიუღია.

2026 წლის კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ევროპული უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალი, მულტილატერალიზმის აღორძინება, გლობალური წესრიგის კონკურენტული ხედვები, რეგიონული კონფლიქტები, ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა უსაფრთხოებაზე და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები