არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ "ფილიპ მორისს" 93 მილიონიანი სახდელი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკისრა.
"მიუხედავად იმისა, რომ საქმე მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარიმართა და სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდა, საბჭომ არ დაიწყო საკითხის მოკვლევა“, - ნათქვამია TI-ის კვლევაში, რომელიც სასამართლოებში შესაძლო კორუფციის რისკებს ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, ამ საკითხზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის 3 ათასი ლარით დაჯარიმების ფაქტი და ის "საშიშ პრეცედენტადაა" შეფასებული.
"ფადი ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა, გამოთქმული კრიტიკის გამო ის დაჯარიმდა. სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის საფუძვლით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ, შესაძლოა პრობლემები გააღრმაოს და სისტემაში კორუფციის რისკები გაზარდოს", - ნათქვამი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 2018 წლის აპრილის ჩათვლით, სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

























