მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმები მხოლოდ აცრილი მომხმარებლის დაშვების ინიციატივას - "ოკტოპუსის" დირექტორი

61702826827e4
მარიამ ვარადაშვილი
21.10.21 00:12
614
„ოკტოპუსის“ დირექტორ გიორგი ასათიანს მიაჩნია, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციის ირიბ იძულებაზე გადის. მეტიც, ის ამბობს, რომ მიესალმება საჯარო სივრცეებში მხოლოდ აცრილი მოქალაქეების დაშვებას, თუმცა დირექტივა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს და არა - ცალკეული კომპანიებისგან.

„სხვა გზა ამ პანდემიისგან გამოსასვლელად არ არსებობს. ევროპის ქვეყნები თუ აშშ ეტაპობრივად გადავიდა იმაზე, რომ ვაქცინირებულ მომხმარებელს იღებენ, იქნება ეს ფიტნეს კლუბი, რესტორანი, სასტუმრო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მივესალმები იმ ინიციატივას, რომ ჩვენთანაც იყოს მარტო ვაქცინირებული მომხმარებლის დაშვება. ბუნებრივია ბიზნესს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუმცა ძალიან რთულია ბიზნესმა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარ სივრცეში ჰქონდეს ეს მიდგომა. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მით უფრო მაშინ, როცა დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შესუსტებულია, შემცირებულია. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ვეტყვით მომხმარებლებს, რომ რიგ საზოგადოებრივ ადგილებში დაიშვება მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები, ეს ხელს შეუწყობს ვაქცინაციის რიცხვების ზრდას. თავის მხრივ ეს ნელ-ნელა დაგვეხმარება იმაში, რომ ძველ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“ - ამბობს ასათიანი.

მისივე თქმით, ცალკეული ბიზნესის მხრიდან ამ ინიციატივის დანერგვა სიტუაციას არ შეცვლის:

"სახელმწიფო დღესდღეობით წყვეტს თუნდაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგ საკითხებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნებოდა ეს "ლოქდაუნი", გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ. ისინი პირდაპირ დაკავშირებულია პანდემიასთან. შესაბამისად, პანდემიიდან გამოსავლის მოძებნა ბუნებრივია სახელმწიფოს პრეროგატივაა. ერთი რესტორანი, ორი თუ ათი ამ ინიციატივას აიღებს, მეორე უარს იტყვის. ამით რამე გამოსწორდება?! - არაფერი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები