მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმებით ნებისმიერ ინვესტიციას ჩინეთიდან - პაპუაშვილი ანაკლიაში შესაძლო ჩინურ ინვესტიციაზე

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება ნებისმიერ ინვესტიციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, სახელმწიფო “კატეგორიულად არ გამორიცხავს” შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ ჩინურმა კომპანიამ განახორციელოს.

“ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის განაცხადში კიდევ ერთი, უკვე მეორე ცვლილება შევიდა. კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოო ვადა 28 ივლისის ნაცვლად, 20 სექტემბრამდე გადავადდა.

ამასთან, 5.1 პუნქტის (შეფასების პროცედურა) მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სამინისტრო/სააგენტო დამატებით აცნობებს კვალიფიციურ კანდიდატებს წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ვადების შესახებ.“

ცნობისთვის, დაინტერესებული ინვესტორებისგან კვალიფიკაციის შესახებ განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 19 ივნისს ამოიწურა, თუმცა ვინ წარადგინეს, განაცხადები ამ დრომდე უცნობია. 26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ წარადგინა.

მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. ინვესტორთა განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტის პერიოდში მათ პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდათ 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები