მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობას აღარ გავაგრძელებთ როგორც საინვესტიციო ფონდი - “სინერჯი კაპიტალი”

61f019d307f94
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.22 19:48
1615
“სინერჯი კაპიტალის” გენერალური დირექტორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადებით, კომპანია საინვესტიციო ფონდის სახით საქმიანობას აღარ გააგრძელებს. bm.ge-სთან ინტერვიუში ტოლიაშვილმა განმარტა, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიერ განსაზღვრული წესების გათვალისწინებით, “სინერჯის” ბიზნესმოდელის შეცვლა დადგა დღის წესრიგში.

“სინერჯი კაპიტალში” არსებით ცვლილებას ვგეგმავთ საქმიანობის მოდელში. მთლიანად გვინდა, რომ შევცვალოთ მოდელი, გვინდა, რომ არსებული კრედიტორების მომსახურება და გასტუმრება დავიწყოთ კონკრეტული გეგმით. მთლიანად ვცვლით საქმიანობის მოდელს. 

ფონდების შესახებ ახალმა კანონმა მნიშვნელოვნად შეზღუდა საცალო ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ რადიკალურად შევცვალოთ საქმიანობის მოდელი და ვაპირებთ, რომ 2-3 წლიან რეჟიმში არსებული პრივილეგირებული კრედიტორების და აქციონერების ვალდებულებების გასტუმრება დავიწყოთ. გეგმა გვაქვს, რომ რითეილ ინვესტორის ბაზრიდან მთლიანად გამოვიდეთ და დაფინანსების სხვა წყაროები ვიპოვოთ, შესაბამისად რთული ამოცანა გვაქვს ძალიან.

დაფინანსების ის წყარო, რომელსაც მოვიზიდავდით დაფუძნებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, იმ წყაროზე მუშაობა ფაქტობრივად აღარ არის შესაძლებელი, ამიტომ რადიკალურად ვცვლით ამის გამო საქმიანობის მოდელს.

თავად კანონი 2020 წლის ბოლოს შევიდა ძალაში და პერიოდი გვქონდა, რათა გაგვეანალიზებინა რამდენად შეგვიძლია კანონის მიხედვით მოქმედება და გადაგვეწყვიტა, გავაგრძელებდით თუ არა როგორც საინვესტიციო ფონდი მუშაობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორც საინვესტიციო ფონდი აღარ გავაგრძელებთ მუშაობას და რადიკალურად შევცვლით ბიზნეს მოდელს. ვეცდებით, რომ კაპიტალი მივაწოდოთ კომპანიებს, მაგრამ არა რითეილ ინვესტორების ბაზრიდან. შესაბამისად, სხვა გზები უნდა ვიპოვოთ კაპიტალის მისაწოდებლად სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის,”- განაცხადა პაპუნა ტოლიაშვილმა.

ამჟამად “სინერჯი კაპიტალი” 14 კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორისაა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის, ტანსაცმლის და სათამაშოების, სააფთიაქო ქსელის, საკვები პროდუქტების წარმოების, IT ტექნიკით ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით მოღვაწე კომპანიები.

რამდენიმე დღის წინ, “სინერჯის” პორტფელში შემავალ ერთ-ერთ კომპანია “სახალხო აფთიაქში” რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. როგორც პაპუნა ტოლიაშვილი განმარტავს, რეაბილიტაციის პროცესი აუცილებელია, რათა კომპანიას ხელი არ შეეშალოს განვითარების იმ ამოცანის შესრულებაში, რაც ქსელის გაფართოებას და შემოსავლების ზრდას უკავშირდება.

“2018-2020 წლებში კომპანიას დაუგროვდა ვალდებულებები, ამ ვალდებულებებს რომ არ გამოეწვია ოპერაციული შეფერხება, ამის გამო დადგა რეაბილიტაციის რეჟიმი დღის წესრიგში, რომ მოლაპარაკებები მოხდეს კრედიტორებთან, როგორ მოხდება მათი ვალდებულებების მომსახურება.

გაკოტრების საფუძველი არ აქვს კომპანიას, რადგანაც ოპერაციულად გამართულია და დღეს მოგებაზე მუშაობს. საუბარი იყო ოპერაციების გეგმაზომიერ მომსახურებაზე.

რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებითვის გვაქვს 2 თვის ვადა. ეს გეგმა არის ის კალენდარული პერიოდი, რომელშიც უნდა მოხდეს ვალდებულებების დაკმაყოფილება. ეს გეგმა მუშავდება დღევანდელი საქმიანობიდან და იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც კომპანიას აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კომპანიას საკმაოდ ნორმალური შედეგები აქვს და დინამიკაც ნორმალურია, თუმცა კრედიტორები ყავს ბევრი და დიდ თანხაზეა საუბარი. ამიტომაც ეს ფორმა ურთიერთობის აუცილებელია, რათა შეჯერება მოხდეს გეგმასთან დაკავშირებით,”- ამბობს ტოლიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები