ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ლარის კურსზე ინვესტიციების შემოდინებისა და ტურისტული ნაკადების გავლენას დავით კიკვიძე აფასებს. როგორც ეკონომისტმა "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, FDI და ტურიზმი ზუსტად ის ორი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე ძირითად გავლენას ახდენს.
"ლარის კურსი ჩვენი ეკონომიკის აქილევსის კურსია. ზუსტად ეს ფაქტორი იწვევს ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას, პოლიტიკურ პროცესებს რომ ცოტა ხნით თავი დავანებოთ და წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედოთ - ბოლო ათეული წელია, ჩვენი მუდმივი პრობლემაა ინფლაციის შეკავება და ლარის კურსის გაუფასურება, სებ-ი მუდმივად რეფინანსირების განაკვეთთან ჭიდაობაშია, თუმცა რეალური ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
მთავარი ფაქტორები, რასაც ლარის კურსთან მიმართებით უნდა ვუყურებდეთ, არის ინვესტიციები, გზავნილები და ტურიზმი. აქედან ერთ-ერთი ფაქტორი, გზავნილები, აბსოლუტურად უმართავი ფაქტორია, რომელიც თავმოყვარე ეკონომიკამ არც უნდა მიიღოს მხედველობაში, როცა ცდილობს ვალუტის შემოდინება და ლარის კურსის დააბალანსოს, ამ დროს გზავნილების გათვალისწინება წარმოუდგენელია. შესაბამისად, გვრჩება ტურიზმი და ინვესტიციები", - განმარტავს ეკონომისტი.
დავით კიკვიძის განმარტებით, საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური რყევების ფონზე, ქვეყანაში ორივე კომპონენტი შემცირებულია, რაც ლარის კურსზე უკვე აისახა. 2024 წლის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.3%-ით გაუფასურდა.
ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლარის კურსის სტაბილურობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში შემოსული მიგრანტების დამსახურებაა და არა - სებ-ის სწორი მონეტარული პოლიტიკის.
"ინვესტიციებზე რა მდგომარეობა გვაქვს, კარგად ვხედავთ. ბოლო რამდენიმე წელია, ფაქტობრივად ყოველ კვარტალურად აქციებია ქვეყანაში და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დილით მუშაობს, საღამოს აქციებზეა - ასეთ ფონზე ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია.
მეორე მხრივ, ტურიზმშიც ანალოგიური ვითარებაა, აქციების ფონზე თავისთავად ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება. მივიღეთ შედეგი, რომ იანვრის დასაწყისში გვქონდა მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი, თუმცა აქ მაინც უნდა ვახსენოთ, ბევრი ე.წ. ეკონომისტი გამოდის და იძახის, რომ ბოლო პერიოდში სტაბილური ლარის კურსი განაპირობა სწორმა მონეტარულმა პოლიტიკამ, თუმცა მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. სტაბილური ლარის კურსი ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომმა, რასაც ძალიან დიდი რაოდენობით რუსი და ბელორუსი მიგრანტის შემოსვლა მოჰყვა. შესაბამისად, ძალიან დიდი ოდენობის უცხოური ვალუტის ნაკადი მივიღეთ ქვეყანაში. ამან ეროვნულ ბანკსაც მისცა შესაძლებლობა, რომ რეზერვები შეევსო, რაც ვნახეთ შემდეგ, როდის გამოიყენა და დღემდე აგრძელებს", - ამბობს კიკვიძე.
ეკონომისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ინვესტიციებისა და ტურიზმის კომპონენტი უნდა გაიზარდოს, ქვეყნის ეკონომიკა კი მხოლოდ ლარის კურსზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
"მივიღეთ ეკონომიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე მყიფე, არასტაბილურ ლარზეა დამოკიდებული და მისი მართვის ბერკეტი ქვეყანას არ გააჩნია. მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში, სებ-მა უნდა შეიმუშაოს მიდგომები ლარის კურსთან დაკავშირებით.
ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ლარის კურსიa, რადგან არ გვაქვს დაბალანსებული შემოსავლების და გასავლების წყაროები, ექსპორტ-იმპორტის სალდოს არც ვახსენებ, რადგან რაც საქართველო დამოუკიდებელია, პოზიტიური სალდო არ გვქონია და იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ქვეყანა ექსპორტიორი გახდება. უნდა ვიმუშაოთ ინვესტიციებზე და ტურიზმზე, ეს ორი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე განვითარებული, რომ ექსპორტ-იმპორტის სალდო მნიშვნელოვნად გადაფაროს", - განაცხადა დავით კიკვიძემ.
2024 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირდა, 21 იანვარს კი ის 2.84 ლარი ღირს. 2024 წლის განმავლობაში ლარს გაუფასურების ორი ტალღა ჰქონდა, ორივე პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული: პირველი გაზაფხულზე, რუსული კანონის შემობრუნებას მოჰყვა, მეორე კი ნოემბერში, როდესაც "ოცნებამ" გადაწყვიტა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დაეყენებინა.