დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება - ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საპირფარეშოები ვანდალიზმის შედეგად დაზიანდა.
რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილის საჭიროება და ქალაქში შერჩეულ 36 ლოკაციაზე აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის(City Box - სითი ბოქსი) მიერ საზოგადოებრივი საპირფარეშოები დამონტაჟდა. რისთვისაც 2,5 მლნ დოლარის ინვესტირების გეგმა იყო წარმოდგენილი.
როგორია ვითარება დღევანდელი მონაცემებით და რა იგეგმება დაზიანებული რეტერატების აღსადგენად - ამის შესახებ City Box-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა "საქმიან დილაში" ჩართვისას ისაუბრა.
"თავიდანვე, როდესაც დავდგით აღნიშნული რეტერატები, საქმე გვქონდა ვანდალიზმთან, ქურდობასთან და სხვადასხვა სახის დაზიანებასთან, მივმართეთ შსს-ს და მერიას , შეტანილია 150 განცხადება. კამერების მეშვეობით დაფიქსირდა, რომ საქმე ძირითადად, მცირეწლოვნებთან გვაქვს, დაიწყო გამოძიება, თუმცა რადგან ისინი მცირეწლოვნები არიან, მათი კანონით დასჯა არ ხდება. ამასთან, ადგილი აქვს გარკვეული სახის ქურდობებს, გარდა ამისა, მზრუნველობამოკლებული ადამიანები შედიან აღნიშნულ ტერიტორიაზე და თავსდებიან შიგნით, რის შემდეგაც გვიწევს მათი გამოყვანა და ეს ძალიან რთული პროცესია, ჩვენ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუდმივად ვმუშაობთ და შესაბამის სამსახურებთან ვთანამშრომლობთ ", - განმარტა მან.
ამასთან, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ რისკების არსებობა კომპანიას თავიდანვე გათვლილი ჰქონდა, თუმცა - არა ამ მასშტაბით.
"რისკი არსებობდა, რომ დაზიანებები იქნებოდა, მაგრამ გათვლილი არ იყო იმ სახის დაზიანებებზე, რასაც ჩვენ გახსნის დღიდან მოყოლებული წავაწყდით, მოგეხსენებათ, რეტერატი ანტივანდალურია, შესაბამისად გარკვეული სახის ზიანის მიყენება შესაძლებელია, მაგრამ არა ისეთი, რომ მთლიანად აღსადგენი იყოს. ჩვენ გახსნის დღიდანვე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან, მოგეხსენებათ, ზარალი ძალიან დიდია, შესაბამისად, მუდმივად ერთი და იგივე კომპანია ვერ მოგვემსახურება, რადგან ეს მათთვისაც არამოგებიანი და ზარალიანია", - ამბობს City Box-ის წარმომადგენელი.
კითხვაზე - როგორ შეიძლება არსებული პრობლემის გადაჭრა, ეთი ბეკურაშვილი პასუხობს:
"კომპანია 5 წლის მანძილზე მუდმივად აკეთებს რეტერატებს. ბევრი გზა ვცადეთ, შემოვიტანეთ რეტერატისთვის საჭირო დაზიანებული ნაწილები ქვეყანაში, ვინაიდან ადგილზე არ იყიდება, ახლა დადგა ის მომენტი, რომ მივმართოთ შესაბამის სამსახურებს. ჩვენთან თანამშრომლობს დაცვის სამსახური, ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მერიის სამსახურთან, ჩვენ მივხვდით, რომ საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ჰქონდეს თანამედროვე რეტერატები", - დასძინა მან
ცნობისთვის: City Box - სითი ბოქსი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა, რათა საზოგადოებრივი საპირფარეშოები თბილისში 30 ლოკაციაზე აემუშავებინა, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია $2 მილიონს აღემატებოდა.