მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივმართეთ შემოსავლების სამსახურს და ქონების გადასახადი გადაგვინაწილეს, რაც მცირე ბიზნესისთვის დიდი შეღავათია - "ფალიანი"

ეკა გველესიანი

ტურიზმის სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო, სასტუმრო „ფალიანმა“ შემოსავლების სამსახურს ქონების გადასახადის გადავადების თხოვნით მიმართა. როგორც BMG-ს სასტუმროს დამფუძნებელმა ეკა გველესიანმა განუცხადა, უწყებამ ბიზნესის თხოვნა დააკმაყოფილა და გადასახადი ერთი წლის ვადით გადანაწილდა.

როგორც გველესიანი განმარტავს, დაბალი სეზონისა და რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, სასტუმროსთვის ქონების გადასახადის ერთიანად გადახდა კრიტიკულად რთული იყო.

„იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღე ვიღებთ ჯავშნების გაუქმების შესახებ შეტყობინებებს და უკვე საკმაოდ შეშფოთებულები ვუყურებთ ზაფხულის სეზონს, და იმის ფონზე, რომ ახლა გვიწევს ქონების გადასახადის გადახდა - როდესაც ისედაც არ არის მაღალი სეზონი და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშეა სასტუმრო, ბუნებრივია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, აღნიშნული გადასახადი სასწრაფოდ გადასახდელი არ გვქონოდა. ამის გამო, მივმართეთ კიდეც შემოსავლების სამსახურს, ვთხოვეთ თვეებზე გადანაწილება და მივიღეთ კიდეც შესაბამისი დასტური, რაც მისასალმებელია“, - აცხადებს ეკა გველესიანი BMG-სთან.

სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ბიზნესს საშუალებას აძლევს, ფინანსური წნეხი 12 თვეზე გადაანაწილოს. გადახდის პროცესი ივნისში დაიწყება და მომავალი წლის მაისში დასრულდება.

„ჩვენ შემთხვევაში, გადანაწილდება ეს გადასახადი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ანუ თვეების რაოდენობაზე და გვექნება ნაწილ-ნაწილ გადასახდელი, რაც დიდი შეღავათია. იმიტომ რომ ერთიანად ძალიან დიდი თანხა გამოდის და შეუძლებელია ერთბაშად ამხელა თანხის გადახდა იმ დროს, როდესაც არც შემოსავალია და ჯერჯერობით, არც კარგი მოლოდინი, ზაფხულის სეზონისთვის.“

ეკა გველესიანი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასტუმრო ამ პრაქტიკას მიმართავს.

„ძალიან ხშირად მივმართავთ ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით როდესაც ქონების გადასახადის გადახდა გვიწევს. შეუძლებელი არის ჩვენი შემოსავლებით ამ დიდი თანხის ერთბაშად გადახდა და ჯერჯერობით, პრობლემა არ შეგვქმნია განაწილებასთან დაკავშირებით“ - ამბობს ეკა გველესიანი.

მისივე განმარტებით, გადასახადის გადანაწილების აუცილებლობა პირდაპირ კავშირშია იმ კრიზისთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია. ეკა გველესიანის თქმით, მიუხედავად ტურისტების რაოდენობრივი ზრდისა, რეალური შემოსავლები შემცირებულია.

ამასთან, სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მცირე ბიზნესს კიდევ უფრო მეტი საგადასახადო შეღავათი და მოქნილი სისტემა სჭირდება.

„ზოგადად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული მცირე ბიზნესის განვითარებით მათ შორის გადასახადების შემცირების ხარჯზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას თუ მცირე ბიზნესი არ განვითარდა“ - ამბობს ეკა გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები