ახალი წლის პერიოდში საგანგებო სიტუაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ყოველწლიურად ფიქსირდება დამწვრობები, ტრავმები და მძიმე დაზიანებები, მათ შორის ბავშვებში. ამიტომ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენების თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდი იყო, გადანაწილება ბავშვებსა და მოზარდებში კი დაახლოებით თანაბარია.
„შარშანდელი სტატისტიკით, პიროტექნიკით დაზიანებული მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. წელს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მკვეთრი კლება იქნება არსებული შეზღუდვის გათვალისწინებით.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს დიდი და პატარა მუხტის მქონე პიროტექნიკა, იაფიანი და ძვირიანი. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, მაგრამ თვითონ პიროტექნიკას იყოს დაზიანებული და იქ გვიმტყუნოს. ეგეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, გვქონია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის იწვევს არა მარტო დამწვრობას, არამედ სხვადასხვა სახის დაზიანებებს, მათ შორის სახის, თვალის დაზიანებებს, თითების ტრავმულ ამპუტაციებს. ძირითადად, 17% შემთხვევაში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახე და თვალების დაზიანება, შემდეგ მოდის გულ-მკერდის დაზიანება, შემდეგ მარცხენა მტევანი და შემდეგ უკვე ქვემო კიდურების დაზიანება. ძალიან ხშირად კომბინაციაშია ხოლმე, დამწვრობასთან ერთად, სხვადასხვა ტრავმის მიღება.
განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ბავშვების შემთხვევებში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ არის საჩუქარი, ეს არ არის ნივთი, რომელსაც ოჯახის უფროსი ბავშვებს მიუტანს საახალწლოდ გასართობად, იმიტომ რომ მერწმუნეთ, საკმაოდ, ყოველ ახალ წელს, საკმაოდ სერიოზულ შემთხვევებთან გვიწევს ექიმებს გამკლავება.
წინასაახალწლო პერიოდში ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საერთოდ არ გავეკაროთ, არც პეტარდას, არც ასაფეთქებელს, ერთმანეთს მივულოცოთ გაცილებით უსაფრთხოდ, ეს იქნება გოზინაყი, ჩურჩხელა თუ ალკოჰოლი ზომიერ ფარგლებში და არა პიროტექნიკით“, - განაცხადა ქაშიბაძემ.
ინფორმაციისთვის, გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე გახდა დასაშვები.
რეგულაციების ნაწილის 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, ნაწილი კი 1-ელი აპრილიდან შევიდა ძალაში. კანონპროექტის მიხედვით, ნებართვებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარია.



























