მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ TBC ბანკის საქმით პრემიერი და მინისტრები არ დაინტერესებულან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგან პირადად მისწერა.
ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წერს.
„სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა.
სამაგიეროდ, მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში. მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული“, - აცხადებს ხაზარაძე.
მისი თქმით, TBC-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს.
შეგახსენებთ: დღეს საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, მასთან ერთად საბჭოს დატოვებს მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ხაზარაძე და ჯაფარიძე შეინარჩუნებენ პოსტებს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ “TBC ბანკის ჯგუფში”, რომელიც სააქციო საზოგადოება TBC ბანკის 100%-ის მფლობელია.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, TBC წყვეტს სამართლებრივ დავას ეროვნულ ბანკთან და მზადაა, გადაიხადოს 1 მილიონი ლარი, რომლითაც დაჯარიმდა.

























