"მიწაზე დაწესებული მორატორიუმით 200 მილიონამდე სესხი შეფერხდა'', - ამის შესახებ აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელია აცხადებს. კომიტეტი სამუშაო შეხვედრას მართავს ბანკებთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ბიზნესომბუდსმენთან და ბანკების ასოციაციასთან. შეხვედრის მთავარი თემა მიწის შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტია.
"მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ 200 მილიონ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილება შევიდეს მორატორიუმში თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ და ბუნებრივია, გათვალისწინებულ იქნას ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი.
აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის და ასევე, ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ, რეატროაქტიულად ანუ უკანა ქმედებით ვალდებულება დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც გვექნება საუბარი'', - განაცხადა დანელიამ.
კანონპროექტის ავტორები შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას კომიტეტის სხდომაზე 30 აპრილს გეგმავენ.

























