მიწის ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეც გავრცელდება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, უცხოელები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, მიწის გასხვისება მოუწევთ. საუბარია იმ მიწის ნაკვეთებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე შეიძინეს.
კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ:
• პირები, რომელთა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
• საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, უფლებამოსილია კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას და წარადგინოს საინვესტიციო გეგმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მისაღებად.
• ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხოელი ვალდებულია 2 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (გარდა საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა), თუ არ უზრუნველყოფს (მათ შორის მესამე პირის მეშვეობით) მიწის გამოყენებას/დამუშავებას და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის წარმოებას.

























