პირველი აგვისტოდან მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციის კანონი ამოქმედდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ის ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა მოიხსნება, რეგისტრაციის პროცედურა კი წახალისდება. ბოლო ოთხი წელია ამ მიმართულებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად არის ჩართული სასამართლო დავებში, არასამთავრობო კანონპროექტის შემუშავების პროცესშიც მონაწილეობას იღებდა. რა შედეგს მოიტანს იუსტიციის სამინისტროს რეფორმა? - თემაზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი საუბრობს.
- რას ფიქრობთ მიწის რეგისტრაციის წესში ცვლილებასთან დაკავშირებით?
- პირველ რიგში, დადებითად უნდა შევაფასოთ ის შეღავათები, რომლებიც აღნიშნული კანონით მიწის რეგისტრაციის დროს მოქალაქეს ექნება. თუნდაც გარკვეული დოკუმენტების ლეგალიზება. მიწის რეფორმის პირველ ეტაპზე ხარვეზიანი დოკუმენტები იყო და ხშირად საჯარო რეესტრის შეფერხების საფუძველს სწორედ ეს ქმნიდა და ამის შესახებ სასამართლო დავები ხშირად იყო. ასეთი შეღავათები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ რეფორმა კანონპროექტის მიღების დეკლარირებულ მიზანს, რომ საბოლოოდ ერთიანი საკადასტრო სისტემა ჩამოყალიბდეს და ის 70 %-80% მიწების, რომელიც დარეგისტრირებული არაა დარეგისტრირდეს, ვფიქრობთ, რომ ვერ უზრუნველყოფს.
ამასთანავე, რეგისტრაციის ის სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს ე.წ. ერთეული, ანუ სპორადული რეგისტრაცია, ხარვეზიანია. თვითონ საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დროს საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყოველი მეოთხე რეგისტრაცია პრობლემური ხდება, უქმდება და საჩივრდება სასამართლოში. ვფიქრობთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენმა სასამართლო პროცესებმა, ჩვენმა პრაქტიკულმა მონაწილეობამ აღნიშნულ საკითხებში, ნათლად აჩვენა, რომ სპორადული რეგისტრაცია, ანუ ის რეგისტრაციის სახე, რომლითაც მიწები დღეს რეგისტრირდება პრობლემური და ხარვეზიანია.
- საინტერესოა რეესტრის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი, როდესაც საუბარია დამატებით მედიაციაზე და შემდგომ ნოტარიუსის შესაძლო ჩართვაზე, ეს თქვენი აზრით პრობლემებს აღმოფხვრის?
- როდესაც სახეზე გვაქვს რეგისტრაციის ეს ფორმა, ერთეული რეგისტრაცია, მედიაცია შედეგის მომტანი არ იქნება გამომდინარე იქედან, რომ შეიძლება თქვენ, ვინც ახლა იწყებთ რეგისტრაციას და მიდიხართ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციის დროს ზედდება აღმოჩნდეს იმ მიწის ნაკვეთთან, რომელსაც უკვე დიდი ხანია დარეგისტრირებული აქვს. მედიაციამ რა შედეგი უნდა დადოს? ეს ხომ იმ მხარეებს შორის მოლაპარაკებაა, რომლებსაც პრობლემა აქვთ. თუმცა, მე თუ უკვე რეგისტრირებული მაქვს და ვთვლი, რომ ეს მიწის ნაკვეთი ამ ფართობში ჩემია, ვთქვათ რა პრინციპით, რა მეთოდით, რა სისტემით, რატომ შეიძლება მედიაციით ჩემი საკუთრება დავთმო.
- თუ შეგიძლიათ გვითხრათ გამოსავალი რაში მდგომარეობს?
- გამოსავალი ამ პროექტშიც ჩადებულია, 12 სოფლის პილოტური სისტემური რეგისტრაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ სისტემური რეგისტრაცია არის ამ ეტაპზე იმ 70% დაურეგისტრირებელი მიწების უფრო კარგი სისტემის რეგისტრაციის საფუძველი და მიზეზი. სისტემური რეგისტრაციის დროს, როგორც ამ კანონში პილოტურად არის გათვალისწინებული, ხდება მთლიანად კონკრეტულ მონაკვეთში მიწის რეგისტრაცია, ყველა შესაძლო მესაკუთრის ჩართვა ხდება და მათ შორის იმ პირების ჩართვა, რომლებსაც შესაძლოა რაღაც დოკუმენტაცია ჰქონდეთ, მაგრამ ჯერ არ მისულან და საერთოდ არ განუცხადებიათ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრისთვის. აი, აქ საჯარო რეესტრის პროაქტიული საქმიანობა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე იმ საკითხებში პროაქტიული საქმიანობა, რომ მოქალაქეს მხოლოდ დოკუმენტების მოძიებაში დავეხმაროთ. საჯარო რეესტრის მაღალი გაზრდილი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სწორედ სისტემური რეგისტრაციის დროს. სამწუხაროდ, ხარვეზიანი რეგისტრაციის სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს თვითონ საჯარო რეესტრის და იუსტიციის სამინისტროს მიერ არის აღიარებული. დიდი მაჩვენებელი ყოველი მეოთხე რეგისტრაციის გაპრობლემურობა და ის, შეღავათები, რომელიც მოქალაქეებს დაუწესეს ამ პრობლემას ვერ შეცვლის. როდესაც თავიდან ამ ყველაფერზე მუშაობა დაიწყო ჩვენი ორგანიზაციაც ჩართული იყო, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სტრატეგია დაიწერა. მაშინ საუბარი იყო, რომ სწორედ ამ 12 სოფლით უნდა დაგვეწყო.
- სისტემური რეგისტრაცია რას გულისხმობს?
- სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს სახელმწიფოს და საჯარო რეესტრის პროაქტიული მონაწილეობით კონკრეტულ, წინასწარ განსაზღვრულ არეალში ერთი თავიდან მთლიანად ბოლომდე ამ განსაზღვრულ ტერიტორიაზე ყველა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას. როდესაც ჩვენ სისტემურ რეგისტრაციაზე მივდივართ, ყველანი ერთად ვიკრიბებით, ამ ყველაფრის განხილვა საჯაროდ ხდება, მონაწილეობს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე ყველა ის მხარე რომელსაც ამ ტერიტორიაზე აქვს გარკვეული უფლებები. ამ ეტაპისათვის საჯარო რეესტრს პოზიცია აქვს, რომ უმჯობესია წავახალისოთ ერთეული ხასიათის ის რეგისტრაციის ფორმა, რომელიც ახლა არის. ვფიქრობთ, რომ ამ რეგისტრაციის წახალისება პრობლემას არ მოაგვარებს. კანონის მიზანი იყო, რომ ერთიანად დასრულებულიყო მიწის რეგისტრაცია და ის 70%, რომელიც დაურეგისტრირებელია დარეგისტრირებულიყო. ამასთან, სახელმწიფო საკმაოდ დიდ ფინანსურ ტვირთს იღებს თავის თავზე. სხვათა შორის კანონპროექტს გაანგარიშება არ ახლავს, ეს ბიუჯეტს რა დაუჯდება, რა ფინანსებია საჭირო.უკეთესია, რომ რეფორმა ნელ-ნელა გატარდეს - გამოვცადოთ ეს პროექტი, ხარვეზები დავინახოთ, გავაუმჯობესოთ და მივიღოთ. ფინანსური რესურსის დახარჯვა ამ სისტემის გაუმჯობესებისკენ ჯობდა დახარჯულიყო, თუნდაც საპილოტე პროექტის გამოცდით, ხარვეზების გაანალიზებით და არა ის, რომ ახლა ჩვენ ფინანსური რესურსი დავხარჯოთ და ისევ ხარვეზიანი რეგისტრაცია გვქონდეს სახეზე.

























