მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 100 000 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

58dcae4150e30
BM.GE
30.03.17 11:02
1299
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში 100 000 -ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სააგენტოს ამ მოთხოვნით 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 000 რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 15 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 000-მდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვალად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს.

„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10 % -ით გაიზარდა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდს.

რეფორმის ფარგლებში. საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შემოდის. მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობა საჯარო რეესტრის თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზებას ითხოვს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის”,-ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება.

რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 157 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.
რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 1000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტის შესაბამისად სრულდება. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.
აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ 32 387 აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა.
მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები