"მიწის ტოტალურ აკრძალვაზე არასდროს გვისაუბრია", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით BM.GE-ს კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს.
მინისტრის თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის პროცედურებს ორგანული კანონი დაარეგულირებს, რომელზეც მუშაობა დაწყებულია და მიმდინარეობს მსჯელობა.
"იქნება დისკუსია, საბოლოოდ რა რეფორმაზე შეჯერდება საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლება, ვნახავთ. სამინისტროს პოზიცია გააჩნია. ჩვენ ვამბობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწას პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ. უნდა არსებობდეს რეგულაციები, შეზღუდვები, თუმცა ტოტალურ აკრძალვაზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია. უნდა არსებობდეს გარკვეული სივრცე ინვესტიციების განსახორციელებლად. მათ შორის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ამის დისკრეცია", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.
აგრარულ საკითხთან კომიტეტის ხელმძღვანელის, ოთარ დანელიას განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ხოლო უცხო ქვეყნის ფიზიკური პირის მონაწილეობით შექმნილი კომპანიის მიერ მიწის შეძენის შემთხვევაში, მას კონკრეტულად გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებების აღება მოუწევს. ინვესტიციების ჭერი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

























