პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოპოზიციის რამდენიმე თვისწინანდელ საპროტესტო განცხადებებს უპასუხა.
“რამდენიმე კვირა მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს. თუ გახსოვთ ესე ამბობდნენ: “ივანიშვილმა ერთ ლარად იყიდა პუშკინის სკვერი.” ამ დროს პუშკინის მიმდებარედ, სკვერი კი არა, მიწის ქვეშ სასტუმროს ავტოსადგომი გაკეთდა, ისე რომ თავისთავად მიწის ზემოთ არაფერი დაზიანებულა. მე იმას რა თქმა უნდა გადავიხდიდი, მაგას სალაპარაკოს არ გავხდიდი ერთ ლარსაც კი, მაგრამ ისევ დავარღვევდი პროცესს, ისევ დავამახინჯებდი რაღაცას და რაღაცას სწორ შეფასებას არ მივცემდი. არ შეიძლება როცა ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა მიწის ქვეშ სახელმწიფომ აიღოს ფული",- ამბობს ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, ის რომ მიწისქვეშა პარკინგი არ არის მოგებიანი, ამას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ბიზნესის პასიურობა ადასტურებს.
“მერიამ გამოიტანა 3 ადგილი მიწისქვეშ ავტოსადგომების მშენებლობის, სამივე საინტერესო იყო, არანაკლები პუშკინის სკვერისა, ვაგზლის მოედანზე სადაც უამრავი მანქანაა და მუდმივად იქნებოდა დაკავებული...არავინ არ მივიდა. გამოიტანა და გამოაცხადა, მოდით და ააშენეთ. მიწის ქვეშ იმდენად არაეკონომიურია, რომ არავინ არ მივიდა და გასცეს ახლა ოპოზიციამ პასუხი”,- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

























