მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისზედა მეტროს პროექტირებაში ფული დახარჯულია, მერია კი ახლა მსჯელობს - დააფინანსოს თუ არა პროექტი?

5dcc2569eaf91
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.19 10:15
3092
ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, მუშაობა დაასრულა.

კომპანიის დასკვნას თბილისის მერიაში ჯერ არ გაცნობიან. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ახლა უნდა გადაწყდეს, რამდენად უღირს მერიას პროექტის განხორციელება, რომელიც $150 მილიონი ჯდება.

თუ მერია აღმოაჩენს, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა არ უღირს, გამოვა, რომ პროექტირებაში თანხა ბიუჯეტიდან ტყუილად დაიხარჯა. საქმე ისაა, რომ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევასთან ერთად ტენდერი მიწისზედა მეტროს პროექტირებაზეც იყო გამოცხადებული. ამ მომსახურების შესყიდვაში მერიამ მთლიანობაში 13 მილიონ ლარამდე გადაიხადა.

"ILF-მა, ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიამ, ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი წარუდგინა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს ეს დასკვნა. როგორც კი განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს საზოგადოებას ეცოდინება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური ფაქტორები და აქედან გამომდინარე, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომელიც $150 მილიონზე მეტი ჯდება, მისი ეკონომიკური ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ის შესაბამის ეფექტურობას უნდა შეიცავდეს და იმ რაოდენობის მგზავრებს უნდა ემსახურებოდეს, რომლისთვისაც უნდა ღირდეს ამ ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. რისთვისაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიც და მუნიციპალიტეტიც მზად არის, უბრალოდ აქ არის საუბარი პრიპრიტეტებზე. თუ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა პროექტები რა თქმა უნდა, ამაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწისზედა მეტროს პროექტს კრიტიკულად აფასებენ ურბანულ ლაპორატორიაში. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, პროექტი მგზავრთნაკადის სიმცირის გამო არ გაამართლებს, შესაბამისად, მასში ამ ოდენობის თანხის ჩადება არ არის მიზანშეწონილი. ბაბუნაშვილი ასევე ხარვეზებს ხედავს უშუალოდ ტენდერშიც, რომელიც ერთდროულად როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩაატარებაზე, ისე პროექტირებაზე გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულად ავსტრიული კომპანია ALF consulting engineers-ი გამოცხადდა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს ვერ იქნება ობიექტური, რადგან ამ კვლევაზეა დამოკიდებული პროექტირების ეტაპის ჩატარების საკითხი.

“ტენდერი აერთიანებდა ე.წ ფიზიბილითის, რაც არის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და პროექტირებას. ეს არის ორი სხვადასხვა კომპონენტი. როგორც წესი, ეს კომპონენტები საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით კეთდება დამოუკიდებლად და სხვადასხვა კომპანიის მიერ. ერთ ტენდერში ორი კომპონენენტის გაერთიანება იძლევა იმის ფიქრის საფუძველს რომ კომპანიას, რომელიც ამას ატარებს, ექნება მოტივაცია ვერ იყოს მთლად დამოუკიდებელი” - აცხადებს “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები