შრომის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის მიხეილ კორძახიას აზრით, „ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობაა და ამ საკითხზე სერიოზულად არის დასაფიქრებელი, რომ ბაზარზე სპეციალისტების აღმოჩენა და მუშაობის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
ამის შესახებ კორძახიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბესტ ვესტერნ თბილისში“ განუცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოებასა და შრომით რეგულაციებთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა.
ამ ეტაპზე, ექსპერტი ორ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს.
„პირველი საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, ეს კომპეტენციების გადანაწილებაა - მაკონტროლებელი ორგანოების გამიჯვნა კონკრეტული კომპეტენციებისგან და მათი როლის გამოკვეთა. მეორე საკითხია, რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორთან მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, თუ რა სტანდარტებით უნდა იმოქმედონ უშუალოდ კომპანიებმა“, - განაცხადა კორძახიამ.
მიხეილ კორძახიას განცხადებითვე, ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის პოლიტიკა წლების განმავლობაში არ არსებობდა ამიტომ, მის განხორციელებას სპეციალისტები სჭირდება.
„აუცილებელია, საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსების გაძლიერება. პირველ რიგში, იმ სპეციალისტების, ვისი მომზადებაც ამ ეტაპზეა დაწყებული“, - განაცხადა ექსპერტმა და იმედი გამოთქვა, რომ შრომის უსაფრთხოების გაზრდილი მანდატის გამო, მაღალი რისკის საწარმოებს ყურადღება არ მოაკლდება.

























