სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას კრიტიკას პასუხობს, რომლიც მიიჩნევს, რომ საგარანტიო მექანიზმი იმ პირობებით არ ამოქმედდა, როგორც ეს თავიდან იყო დაანონსებული. კაკულია ფიქრობს, რომ ამ პროგრამაში საგრანტო კომპონენტი და მეწამრეებისთვის ტრენინგებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
მიხეილ ხიდურელი დეპუტატის ამ შენიშვნის საპასუხოდ განმარტავს, რომ საგრანტო კომპონენტი "აწარმოე საქართველოს" სხვა პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებიდან გაგრძელდება.
"ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი პროგრამა, შესაბამისად, ამ კრიტიკას საგარანტიო სქემისადმი ვერ მივიღებთ. საგარანტიო მექანიზმი არის მცირე და საშუალო ბიზნესის იმ სეგმენტის განვითარებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფის პრობლემა აქვს და საგრანტო მექანიზმი, ეს არის მიკრო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა, ზაფხულში დავიწყებთ. გარდა ამისა, გვაქვს სესხის თანამონაწილეობის პროგრამაც. შესაბამისად, ყველა სეგმენტისთვის, ყველა ტიპის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა გვაქვს და მაქსიმალურად შევეცდებით, თუ კიდევ დარჩა სეგმენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ვემსახურებით, რაიმე პროგრამა მათთვისაც გვქონდეს", - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.
რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, ხიდურელის ინფორმაციით, მართალია, მთავრობამ პროგრამა უკვე დაამტკიცა, თუმცა მის ამოქმედებამდე, ახლა კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმებაა დარჩენილი.
"ბენეფიციარებს შეეძლებათ, ბანკებში მივიდნენ და სესხი მოითხოვონ და თუ მათ არ აქვთ უზრუნველყოფის საკმარისი რაოდენობა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო შემოდის გარანტად. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც იყენებს ბევრი სხვა ქვეყანა. აქ ჩვენ ახალი ბორბალი არ მოგვიგონია და ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო, არის ის, რომ თანადაფინანსების პროგრამა და საგარანტიო სქემა, ერთი და იგივე სესხზე არ შეიძლება", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, წარმოდგენილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა არ ითვალისწინებს მეწარმეობის მსურველთა იმ კატეგორიას, რომელთა დაფინანსებაც ყველაზე რთული და რისკიანია.
"იმთავითვე ჩვენი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუწყობდა ეს ფონდი გაცილებით ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანების შემოსვლას ბიზნეს აქტივობაში. აქ თუ საუბარია იმაზე, რომ იმ სიცოცხლისუნარიან წინადადებათა შორის, რომელიც შეიძლება ბანკმა დააფინანსოს, ამას გამოვაკლოთ მხოლოდ ის, ვინც მხოლოდ გირავნობის არქონის გამო ვერ შემოდიოდა ბიზნესში, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც უნდა მივიდეს ამ ტიპის საქმიანობა.
ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეული, სხვა ტიპის მომსახურებაზე, სადაც გრანტის კომპონენტი შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოჩენლი, რომლიც გაცილებით რთული სამართავია, რომელსაც გაცილებით მეტი კვლევები სჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პრიორიტეტები რეგიონების დონეზე, როგორია ცოდნის ხარისხი. ჩვენ ვსაუბრობდით კომბინაციაზე - მთავრობის მიერ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობები და პლიუს ტრენინგის კომპონენტი, როდესაც იზრდება კვალიფიკაცია სწორედ იმ მიმართულებით, სადაც არსებობს შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საგრანტო კომპონენტის გააქტიურება", - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ ის ხალხი, რომელიც მსგავს კატეგორიას განეკუთვნება, ისევ მოლოდინის რეჟიმში რჩება.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამა მთავრობამ 29 მარტს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა. პროგრამის ძირითადი მიზანი მაღალრისკიანი იდეების დაფინანსებაა. მთავრობას მსგავსი პროექტების უზრუნველყოფის სახით მხარდაჭერისთვის, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

























