ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმმა ძალიან კარგად იმუშავა.
ამის შესახებ ხიდურელმა გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ წლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი მექანიზმი გახდება.
ცნობისთვის: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული, მაშინ როდესაც წელს ამ პროექტისთვის მთავრობამ 330 მლნ ლარი გადადო და გაკეთდა გარკვეული პროგნოზებიც, რომ პროგრამის მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდებოდა. „ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას”, - აცხადებდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაზაფხულზე, თუმცა bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 13 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ 139 ხელშეკრულება ანუ სესხი გაფორმდა, საიდანაც 121 სესხი გაიცა ახალ პროექტებზე, ხოლო რესტრუქტურიზაცია სულ 18 სესხზე მოხდა. რაც შეეხება სესხების მოცულობას, ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში გაცემულია თითქმის 108 მილიონი ლარის სესხი, რომელშიც სააგენტოს გარანტია არის 89 მილიონი.
მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა, მიხეილ ხიდურელი ირწმუნება, რომ პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს და არავის ჰქონდა გათვლა იმაზე, რომ 1 წლის განმავლობაში ამ მექანიზმით 2 მლრდ ლარის სესხი გაიცემოდა.
სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რატომ განსაზღვრა მთავრობამ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტად 330 მლნ ლარი და რა იყო მთავარი გზავნილი.
„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპი არაა ათვისება. ეს არის თანხა, რომელიც გადანაწილებულია ბანკებში და ისინი ნელ-ნელა ითვისებენ. ჩვენ, მთავრობას არასდროს გვითქვამს, რომ 330 მლნ ლარის ათვისება მოხებოდა 1 წლის განმავლობაში. ეს არის საგარანტიო სქემა. აუცილებელი იყო დიდი ბიუჯეტი იმისთვის, რომ ეს სქემა ამოქმედებულიყო. მე ვუსმინე თქვენთან (BMG) ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს, რომელმაც ძალიან კარგი განმარტება გააკეთა და ახსნა, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი დიდი ბიუჯეტით საგარანტიო მექანიზმის ამუშავება. საქმე იმაშია, რომ ბანკებს უნდა ჰქონოდათ იმის შეგრძნება, რომ სახელმწფო სერიოზულად უყურებს ამ სქემას და ამაზე მეტყველებდა 330 მილიონიანი ბიუჯეტი. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ბიუჯეტი დაგვეხმარებოდა 2 მლრდ ლარის სასესხო პორტფელის უზრუნველყოფაში. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ 1 წლის განმავლობაშა ბანკები ვერ გასცემდნენ ამდენ სესხს, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, არც მოთხოვნაა. ამდენად, ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა და ჩვენ ველოდებით, რომ პანდემიის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ყველა ბანკი ჩართულია აღნიშნულ მექანიზმში და ბუნებრივია, წამყვანი ბანკები ლიდერობენ.