TBC-მ ნიუ-იორკში Strategy Day 2026 გამართა. როგორც "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, ინვესტორებს წარუდგინეს 3-დან 5 წლამდე განვითარების გეგმა და საუბარი მიღწევებთან ერთად, განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა.
როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, "თიბისის" მიზანია, 2030 წლამდე შედეგები გაორმაგდეს.
"წარვადგინეთ დაახლოებით 3-დან 5 წლამდე ორგანული განვითარება რა შეიძლება იყოს ჯგუფის მიმართულებით, თიბისიმ რას შეიძლება მიაღწიოს. დაახლოებით რომ ვთქვათ, 2030 წლამდე გვინდა რომ გავაორმაგოთ შედეგები. წარმოგვიდგენია, რომ მხოლოდ ორ ქვეყანაში [საქართველოსა და უზბეკეთში] დაახლოებით გვექნება 20 მილიარდ დოლარზე მეტი საკრედიტო პორტფელი, გვეყოლება დაახლოებით 12 მილიონზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი ამ ორ ბაზარზე, რაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - დღეს მოგეხსენებათ დაახლოებით 7 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ამავე დროს, გვინდა ჩვენი მოგება გავაორმაგოთ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში",- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
მან აღნიშნა, რომ ინვესტორების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა როგორც საქართველოსთან, ისე უზბეკეთთან მიმართებით "თიბისის" გეგმების შესახებ.
"ჩვენმა ინვესტორებმა უკვე წლების განმავლობაში იციან, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი სისტემური მოთამაშე ქართულ ბაზარზე და კითხვები შეეხებოდა უფრო მეტად იმას, თუ რა შეგვიძლია საქართველოში "თიბისიმ" გავაკეთოთ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რის გაკეთებას ვაპირებთ და რა მიზნები გვაქვს დასახული, AI-ს მიმართულებით რა გვაქვს დღეს და რა პერსპექტივა წარმოგვიდგენია, რა შეგვიძლია 3-დან 5 წლამდე გავაკეთოთ საქართველოში.
რაც შეეხება უზბეკეთს, კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებით საქართველოსგან, უზბეკეთის ბაზარი არაპენეტრირებულია, გაცილებით დიდი ზრდის პოტენციალი გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 23 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი უზბეკეთში, რაც არის მოსახლეობის 60%, გვყავს ათეულობით ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. ჩვენ ერთად შევეცადეთ მენეჯმენტს აგვეხსნა, რომ ჩვენი გამოწვევა მომავალი 3-დან 5 წლის ფარგლებში უზბეკეთში იქნება სინერგიის გაკეთება, ანუ ის მილიონობით ფიზიკური პირი, რომელიც არის "თიბისის" მომხმარებელი უზბეკეთში და ამავე დროს 10 000-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, სინერგიები შევქმნათ და მოვაქციოთ ერთ ეკოსისტემაში. ჩვენი ამბიციური მიზანი არის, რომ მომავალ 3-დან 5 წლამდე "თიბისი" გახდეს ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი დიჯიტალური ფინანსური ეკოსისტემა",- ამბობს "თიბისი ჯგუფის" გენერალური დირექტორი.




























