მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზანია, ქართულმა თაფლმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ „მანუკას თაფლს" გაუწიოს კონკურენცია - "ჯარას ასოციაცია"

თაფლი

ბიოთაფლის წარმოებაში ყველაზე დიდი გამოწვევა წარმოების მცირე მოცულობებია - ტრადიციული მეთოდით თაფლის მიღება რთული ფიზიკური პროცესია, მოსავალი კი - მცირე. ამის შესახებ BMG-სთან „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ასლან შაქარაძე საუბრობს.

მისი თქმით, არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ასოციაცია წარმოების გაფართოებას და სხვა მაღალმთიანი რეგიონების, მათ შორის, რაჭის ათვისებას გეგმავს. ამჟამად გაერთიანებაში 23 ბიო-მეფუტკრეა ჩართული, რომელთა თაფლიც სრულად საექსპორტოა.

„ამ ეტაპზე, ასოციაციისთვის გამოწვევად რჩება ის, რომ ჯარას თაფლის რაოდენობა არ გვაქვს. ყველა საექსპორტო ბაზარი ითხოვს სტაბილურ მიწოდებას. ჩვენმა ოთხივე საექსპორტო ქვეყანამ რომ მოითხოვოს, მაგალითად, რომ წლის მანძილზე თითო ტონა თაფლი მივაწოდოთ, ეს გაგვიჭირდება“ - აცხადებს BMG-სთან ასლან შაქარაძე.

მისივე თქმით, ჯარას სკიდან მოსავალი სტანდარტულთან შედარებით ორჯერ ნაკლებია - თუ ჩვეულებრივი სტანდარტული ჩარჩოიანი სკიდან 18-25 კილო თაფლი მიიღება, ჯარას სკიდან 9-დან 11 კილოგრამადე თაფლი ამოდის. ამასთან, ჯარას თაფლი ბიო-სერტიფიცირებულია, რაც მის მაღალ ხარისხს გარანტირებს, თუმცა ეს პროცესი მცირე წარმოებისთვის ეკონომიკურად მძიმე ტვირთია.

„სერტიფიცირება ძვირი გვიჯდება - დაახლოებით, 29-30 ათასი ლარი წელიწადში. პრობლემა ისაა, რომ თუ აიღებ 10 ტონა თაფლს, თვითღირებულებას 3 ლარი ემატება, მაგრამ თუ აიღებ 1 ტონას, კილოგრამზე ხარჯი ფაქტობრივად 30 ლარით იზრდება. შესაბამისად, რაოდენობიდან გამომდინარე, თვითღირებულება ძალიან ძვირი გვიჯდება“ - განმარტავს ასლან შაქარაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად პრობლემებისა, ასოციაცია ხარისხის დათმობას არ აპირებს. მიზანია, ქართულმა პროდუქტმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ და პოპულარულ „მანუკას თაფლს“ გაუწიოს კონკურენცია.

„ჩვენი მიზანია, მივუახლოვდეთ მსოფლიოში აღიარებულ მანუკას თაფლს. კვლევების შედეგად, ჩვენი თაფლი მას არაფრით ჩამოუვარდება. ახლა ველოდებით შეკვეთებს, რომ დავგეგმოთ წარმოების გაზრდა, რაც საფუტკრეებისა და მეფუტკრეების რაოდენობის მატებას გულისხმობს“ - აცხადებს „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები