შესაფუთი მასალების კლასტერის ხელმძღვანელი სალომე ქარელი მთავრობას მოუწოდებს, ყველა ტიპის პარკის სრულ აკრძალვამდე ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია აწარმოოს. ის bm.ge-სთან საუბრისას, მოქმედ კანონმდებლობაში არსებულ „ჩავარდნებზეც“ საუბრობს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პლასტიკის ბოთლების შემდეგ მთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს. ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
სალომე ქარელის განმარტებით, 2018 წელს დაწყებულმა რეფორმამ ეკოლოგიურ მიზნებს ვერ უპასუხა, რაც დიდწილად ე.წ. „ბრიტანული სტანდარტის“ დამატებამ განაპირობა. მისი თქმით, ეს სტანდარტი ბაზარზე უშვებს პარკებს, რომლებიც რეალურად ბიოდეგრადირებადი კი არა, ოქსო-ბიოდეგრადირებადია.
“თუ გადავხედავთ თვითონ ამ პრაქტიკას, როგორ მუშაობს საქართველოში ეს კანონმდებლობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩავარდნები გვქონდა.
კანონმდებლობას მისი ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდეგ ბრიტანული სტანდარტიც დაემატა, რაც თავის თავში გამორიცხავს იმას, რომ მან უპასუხოს იმ ეკოლოგიურ მიზნებს, რაც არის ჩაფიქრებული ამ კანონმდებლობას.
ვგულისხმობ იმას, რომ სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ბრიტანულ სტანდარტის ჩანაწარში რაც წერია, ამ სტანდარტით წარმოება ნიშნავს, რომ პარკი არის ოქსო-ბიოდეგრადირებადი და მას ბიოდეგრადირებადთან არ აქვს კავშირი. ანუ რომ განვმარტოთ: ეს იგივე პლასტიკია და გარემოში რომ ხვდება, მიკროპლასტიკად იშლება. ანუ თავისთავადვე გამორიცხავს ეს კანონი იმ მიზნებს, რისთვისაც შეიქმნა.
ამ ბრიტანულ სტანდარტს მსოფლიოში არცერთი წარმატებული ქვეყანა არ იყენებს. მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ფილიპინებში და თუ არ ვცდები უნგრეთშიც, მესამეა ჩვენი ქვეყანა.
მსოფლიო ბანკის კვლევაშიც ძირითადად ამაზე არის გამახვილებული აქცენტი, რომ მსოფლიოში არის იმის პრობლემა, რომ ზოგიერთი შეფუთვა არის ეკოლოგიურად სუფთა, ეკომეგობრული, თუმცა თავის თავშივე და შემადგენლობაში გულისხმობს, რომ ის იგივე ზიანს აყენებს გარემოს და ჯანმრთელობას, როგორც ერთჯერადი პლასტიკი და შესაბამისად მისი ალტერნატივად გამოყენება არ არის ეფექტური.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ამაზე ჯერჯერობით ჩვენამდეც ინფორმაცია არ მოსულა, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენც მედიის საშუალებით გავიგეთ. ვფიქრობთ, რომ თუ ამ მიმართულებით დაიწყება მსჯელობა, სასურველია და მიზანშეწონილიც, რომ პირველ რიგში ბიზნესთან იყოს დიალოგი", - ამბობს შესაფუთი მასალების კლასტერის ხელმძღვანელი სალომე ქარელი.
ცნობისთვის, 2019 წლის ივლისიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. საზღვარზე იმპორტს შემოსავლების სამსახური აკონტროლებს, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კანონის დაცვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. 2023 წლის 2 იანვრიდან პროდუქტის ერთჯერადად ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა.




























