თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა მმართველი ორგანოების განცხადებით, თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მნიშვნელობიდან გამომდინარე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიზანშეწონილია. ამის შესახებ თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოსა და სენატს.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება.
აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე თსუ რექტორი სტუდენტებსაც შეხვდა", - ნათქვამია განცხადებაში.




























