ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს დაგეგმილზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზებზე გადაცემაში „საქმის კურსი“ საუბრობს.
-ბატონო ცოტნე, რაზე დაყრდნობით აკეთებს ფინანსთა სამინისტრო პროგნოზს და რა არის დამაიმედებელი?
-ორშაბათს სავალუტო ფონდის მისიასთან დასრულდა მოლაპარაკებები. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი ჩატარდა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტო კობა გვენეტაძე და მისიის ხელმძღვანელი ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინი გამოვიდნენ. ქალბატონმა ვერა მარტინმა შთამბეჭდავად მოიხსენია ის შედეგები, რისთვისაც მიმდინარე წლის I ნახევარში აქვს ქვეყანას მიღწეული. უახლესი მონაცემებით, 4.7% გვაქვს ეკონომიკური ზრდა რვა თვეში, რაც დაგეგმილ პარამეტრთან მიმართებაში მნიშვნელოვნად მაღალია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც ექსპორტის მიმართულებით გვაქვს. ამ კუთხით 29%-იანი ზრდა ფიქსირდება. მნიშვნელოვანი 29%-იანი შემოსავლების ზრდა ტურიზმის მიმართულებითაც.
-საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც ეკონომიკური პროგნოზის მოცულობა 4.3%-მდე გაზარდა, ძირითადი ფაქტორი, რასაც იგი ეყრდნობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, თუმცა ეს მაჩვენებლები II კვარტლის მონაცემებით 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება...
-აქ სახელმწიფოში განხორციელებული ინვესტიციებია და ცალკე არ არის გამოყოფილი კონკრეტულად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ინვესტიციური ხარჯები 2 მილიარდამდეა, რაც მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ეფექტს. წელს ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა ერთიანი ბიუჯეტიდან 3 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს ქვეყნის სახერხემლო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად არის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების განმსაზღვრელი. ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიც, რაც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
-გრძელვადიან პერსპექტივაში ინფრასტრუქტურული ხარჯები ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას რამდენად წაადგება და იგი რამდენად მყარია?
-ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ საშუალოვადიან და გრძელვადიან ზრდაზეა ორიენტირებული და ის ფისკალური პარამეტრები, რომლებიც 2017 და 2018 წლების ბიუჯეტშია ჩადებული, სწორედ იმ ფუნდამენტის მშენებლობას ითვალისწინებს, რაზეც უნდა განვითარდეს და მომდევნო წლებში უკვე უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა. ასევე ეკონომიკურ ზრდაში ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სექტორის წინ წამოწევა. ეს მიმართულება 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს მოგების გადასახადის რეფორმა ხორციელდება, რომელმაც სექტემბრის მდგომარეობით, 370 მილიონ ლარზე მეტი ლიკვიდური სახსრები დაუტოვა ბიზნესს რეინვესტირებისთვის. ყოველივე ეს იმის მყარ საფუძველს იძლევა, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარება ხელშეწყობილი იქნება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით. სავალუტო ფონდთან წარმატებული მოლაპარაკებების შეჯამებისას სწორედ ამ ყველაფერზე იქნა აქცენტი გაკეთებული და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გონივრული და ზრდაზეა ორიენტირებული და ეს უკვე საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში წარმატებამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
-პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა ოპოზიციის მხრიდან, ერთ-ერთ პენსიების ზრდას ეხებოდა, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში ჩადებული არ არის და მეორე ის არის, რომ მთავრობის ზომა მცირდება..
-ბიუჯეტი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ფისკალური კუთხით. ეს იმ შეზღუდული რესურსების განაწილებაა იმგვარად, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. სწორედ ამ პრინციპებით არის შემუშავებული 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან. ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც 2018 წლის ბიუჯეტში არის სწორედ რომ მნიშვნელოვანია სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ის ხარჯები, რაც 2018 წლის ბიუჯეტში ჩაიდო იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გასაწევი ხარჯებია, რაც ეკონომიკის სწრაფ განვითარებასთან და ზოგადი კეთილდღეობის სწრაფ ზრდასთან მიგვიყვანს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის დაფინანსება, რაც ამ ბიუჯეტის პროექტით არის წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ბიუჯეტის პირველი წარდგენაა და კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ გადამუშავებული პროექტით პარლამენტში სამჯერ შევალთ.

























