საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ეკონონომიკური ზრდის პროგნოზზე ისაუბრა. Galt & Taggart-მა 2018 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.4%-დან 5%-მდე შეამცირა, ევა ბოჭორიშვილი ამ შემცირების მიზეზებს ასახელებს და ამბობს რომ აქ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც რეგიონალურმა ფაქტორებმა, ასევე საქართველოში სამშენებლო სექტორის შენელებამ, რაც ერთდროულად უკავშირდება ახალ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის გამკაცრებას და სახელმწიფოს მხრიდან კაპიტალური პროექტების განხორციელების დაბალ ტემპებს.
“ჩვენი პროგნოზი შევამცირეთ 5.4%-დან, რა პროგნოზიც ჩვენ თითქმის ერთი წლის განმავლობაში გვქონდა, 5%-მდე. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ შევამცირეთ:
დავიწყებ საგარეო სექტორით, რასაც ვხედავთ, ანუ ეს ფულადი გზავნილებიც, ექსპორტიც და ტურიზმიც იზრდება, თუმცა ბოლო პერიოდში, ანუ ივლის-აგვისტოს პერიოდს რომ შევხედოთ, ეს ზრდის ტემპი არის მნიშვნელოვნად შენელებული. იმის გამო, რაც ახლა ხდება რეგიონის ბაზარზე. თურქეთიდან უკვე გვაქვს კლება ვიზიტორებში. რუსეთიდან ფულად გზავნილებშიც არის კლებაც. ირანს რომ შევხედოთ, ტურისტული ნაკადები არის მნიშვნელოვნად შენელებული წლის დასაწყისთან შედარებით. ივლის-აგვისტოშირეგიონში მერყეობები უკვე გადმოეცა. თუმცა ამას აკომპენსირებს სხვა ქვეყნებიდან არსებული ზრდა. თუმცა, ზრდის ტემპი არის უფრო დაბალი ვიდრე იყო წლის პირველ ნახევარში. სწორედ ეს არის ის რისკები, რომელთაც ჩვენ ვერ ვხედავდით წლის პირველ ნახევარში.
უნდა ავღნიშნოთ ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები. ჩვენ ივლის-აგვისტოს მონაცემებს როდესაც ვუყურებთ და მნიშვნელოვნად არის შემცირებული ზრდის ტემპი, დაახლოებით საშუალოდ 3%-მდე, ეს ძირითადად განპირობებულია ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების შენელებით. ამიტომაც ვხედავთ რომ მშენებლობის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ამ ეტაპზე არის უარყოფითი, როდესაც წინა წლებში რომ შევხედოთ მშენებლობა იყო ძირითადი წარმმართველი ეკონომიკური ზრდის. და მეორე რაც გვესმის რომ კერძო მშენებლობებისთვის ნებართვების გაცემა არის შემცირებული. და ამ ფონზე ჩვენ ვფიქრობთ რომ ეკონომიკური ზრდის შენელებაც ამის ფონზე იყო გამოწვეული. ახლაც 5%-მდე ზრდის შენელება ასევე ითვალისწინებს, მაინც ვფიქრობთ რომ წლის ბოლოსკენ მაინც გააქტიურდება ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები.
ამ ეტაპზე რაც ვიცით 8 თვეში რეალური მონაცემები, ბიუჯეტი არის პროფიციტული, იმის ნაცვლად რომ ის დეფიციტური იყოს. დეფიციტი დაგეგმილია მშპ-ის 2.3%-მდე რეალურად პროფიციტშია, რაც მთლიანად დასახარჯია წლის ბოლოს,”- ამბობს ბოჭორიშვილი.
დღეს საქსტატმა სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. უკანასკნელი მონაცემებით ზრდა 5.8% იყო. ხოლო მესამე კვარტალში კი ზრდა 4% იყო. რაც შეეხება წლის პირველ ცხრა თვეს - ზრდა 4.9% იყო.