განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, გიორგი ამილახვარი ალექსანდრე წულაძეს მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. ამილახვარი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს, რომ წულაძე მისი თანამებრძოლია და დარწმუნებულია, რომ ღირსეული მინისტრი იქნება.
"ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს, ღირსეულ ადამიანს, გამორჩეულ პროფესიონალს ვულოცავ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე დანიშვნას.
დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა, უაღრესად დიდი სამუშაო გამოცდილება, კეთილსინდისიერება, კეთილშობილება და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ძვრას მისცემს ქართული განათლების რეფორმებს.
ჩვენ ერთად დავიწყეთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა და დარწმუნებული, ვარ, დაწყებულ საქმეებს ის კიდევ უფრო დიდი წარმატებით და ენერგიით გააგრძელებს.
მჯერა, ალექსანდრე წულაძე იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის წარმატებული მინისტრი, რომელიც საჭირო რეფორმებს განახორციელებს და მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული განათლების განვითარების საქმეში", - წერს ამილახვარი.