მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხარს ვუჭერთ ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“ - დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა

სონღულაშვილი

„არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

ის კახეთის მხარეში იმყოფება, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში „ცივის ყველის“ საწარმოს სამუშაო პროცესს გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"მინისტრმა ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია აქტიურად იმკვიდრებს ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მთავარი მიზნის - ეკონომიკის გაძლიერების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია.

დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაერთი პროექტით სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდამჭერია",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს. საწარმო „ცივის ყველი" „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია, აგროსესხი 500,000 ლარს შეადგენს. საწარმოს, რომელიც დღიურად 1 ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს, პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს და ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქვს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

დღესვე, სონღულაშვილმა თელავში „მეღვინეობა ვინე პონტოს“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. ღვინის საწარმოში დაახლოებით 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის 600,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში, სადაც წლიურად 150,000 ბოთლი ღვინო იწარმოება, მუდმივად 6, სეზონურად კი, 12 ადამიანია დასაქმებული. „მეღვინეობა ვინე პონტო“ ვენახს 3,0 ჰექტარზე ფლობს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აშშ-ში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში და ჩეხეთში. „მეღვინეობა ვინე პონტოს“ ღვინოები ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) 2024 და 2025 წლების გამარჯვებულია. მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები (IWSC 2024 - ვერცხლი - ქისი 2018; IWSC 2025 - ოქრო - მუკუზანი 2021).

"დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინის ხარისხის და, შესაბამისად, საერთაშორისო ავტორიტეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine & Spirit Competition (IWSC) „მეღვინეობა ვინე პონტოს“ წარმატება მათი ღვინოების გამორჩეულობაზე მეტყველებს. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის",- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ცნობითვე, თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც დავით სონღულაშვილმა დაათვალიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები