ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე როჯერ უიკერი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნას ეხმაურება, რომელთა შორისაა პირადი ინფორმაციაც.
"„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიიწევს ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით დამოუკიდებელი ხმების ჩახშობით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს. სამოქალაქო საზოგადოებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა, როგორც ჩანს არამხოლოდ უკანონოა, არამედ იმდენად ფართოა, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას. „ქართული ოცნების“ ქმედებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული, მიზნად ისახავს ისეთი ჯგუფების მნიშვნელოვანი მუშაობის პარალიზებას, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, „TI Georgia“, „Sapari“, „Future Academy“, მედიის განვითარების ფონდი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" ამ კვირაში დააჩქარა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ დევნა, დააკავა და გაასამართლა რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით", - წერია სენატორების განცხადებაში.
გარდა ამისა, სენატორები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ორპარტიული MEGOBARI აქტის წინ წაწევას, როგორც კი მათ ამის საშუალებას სენატის კალენდარი მისცემს.
„მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულმა მთავრობებმა საფრთხედ არ უნდა აღიქვან დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი, კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციასთან მებრძოლი ან ქალებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი ორგანიზაციები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეებისა და ინფორმატორების პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ზემოქმედებისგან, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მათ მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული MEGOBARI აქტის წინ წაწევას, როგორც კი სენატის კალენდარი ამის საშუალებას მოგვცემს", - წერია განცხადებაში.




























