მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, დანია აგვისტოს ომის 17 წლისთავს ეხმაურებიან

12

დღეს, აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყებები ეხმაურებიან, მათ შორის გერმანიის, დანიის, საფრანგეთის და აშშ-ის. დიპლომატიური უწყეებში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს საქართველოში გერმანიის საელჩო ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

"2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა.

რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - წერს გერმანიის საელჩო საქართველოში.

ომის 17 წლისთავზე დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი X-ზე წერს, რომ დღეს დანია ქართველების გვერდით დგას და პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის ინტერვენციის დროს სამშობლოს დასაცავად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს დანიის ელჩი.

ომის წლისთავს X-ზე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ საქართველოში ომის დაწყებით რუსეთმა იმპერიული წარსულისადმი ერთგულება ნათლად აჩვენა. "ესტონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდადაჭერას. ჩვენ არც დავივიწყებთ და არც ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას".

X-ზე გამოეხმაურა 2008 წლის ომს საფრანგეთის ელჩი საქართველოში. "საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - წერს შერაზ გასრი.

2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და საკუთარ სამხედროებს ომამდე არსებულ პოზიციებზე არ აბრუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები