ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ დემოკრატიებს მტკიცე დაცვა სჭირდებათ და მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას.
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, "საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, უკრაინამ - 2014 წელს ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთისგან სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ".
როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია ძლიერი უკრაინაა. კალასი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.
"კიევი ვერ მიიღებს კიდევ ერთ ბუდაპეშტის მემორანდუმს - მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიისთვის. ამიტომაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედროების ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან",- თქვა კაია კალასმა.
მან უკრაინის გაძლიერების პარალელურად, ხაზი რუსეთზე სანქციებით ზეწოლის მნიშვნელობას გაუსვა.
რუსეთმა სანქციების შემსუბუქება მოითხოვა. ჩვენ ვიცით, რომ სანქციები მუშაობს. გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ სანქციების მე-17 პაკეტი. ასევე დავაწესეთ 2027 წელი დედლაინად რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტისთვის",- განაცხადა კაია კალასმა.




























