"ღია საზოგადოების" ფონდის იურისტის საბა ბრაჭველის შეფასებით, "მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე - პოსტსაარჩევნო პერიოდი". ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იურისტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის დასკვნას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
BMG ამუშავებს ეუთო-ოდირის დასკვნის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს, მაგრამ იქამდე უცვლელად გთავაზობთ საბა ბრაჭველის პოსტს:
"ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა დაიდო. მიწასთან არის გასწორებული როგორც არჩევნების დღე, ისე - პოსტსაარჩევნო პერიოდი.
მთელი რეპორტის წაკითხვა ვისაც გეზარებათ, უბრალოდ პრეს-რელიზს გაეცანით, გთხოვთ. ასეთი შეფასება მე არ მახსენდება. მხოლოდ უარყოფითი დასკვნები, მხოლოდ კრიტიკა, მხოლოდ საშინელ დეტალებზე ხაზგასმა. არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი დადებითი შეფასება.
ოდირი წერს, რომ ის არ ეხება არჩევნების ცნობა-არ ცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის, მაგრამ ადვილად შეიძლება მისი შეხედულების ამოცნობა. ის მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს ("This enables voters to form their own judgments about the quality of the election") და საარჩევნო ცვლილებების განსახორციელებლად მიმართავს არა მთავრობას, არამედ ფართო საზოგადოებას.
შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა.
EDIT: ეს არის ანგარიშის საბოლოო დასკვნები. მარტო ამაზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საუბარი ლეგიტიმურ არჩევნებზე:
⭕️შეწყდეს ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა.
⭕️საფუძვლიანად გადაისინჯოს კანონმდებლობა და შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.
⭕️ გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშვნის პროცედურა, რათა ერთ პარტიას არ ჰქონდეს გადამწყვეტი უპირატესობა.
⭕️შეიქმნას ნათელი მექანიზმი საარჩევნო დაფინანსების მონიტორინგისთვის, მათ შორის მედია მონიტორინგის სააგენტოს დამოუკიდებლობის მხრივ.
⭕️უზრუნველყოფილ იქნეს საარჩევნო დავების გამჭვირვალედ და ეფექტურად განხილვა.
⭕️მიღებულ იქნას ზომები იმისთვის, რომ მოქალაქე დამკვირვებლებმა შეასრულონ მოვალეობები ზეწოლისა და დაშინების გარეშე.
⭕️უზრუნველყოფილ იქნას ხმების ფარულობა.
EDIT 2: ჩავამატებ დასკვნის შეჯამებასაც, ფოინთების მიხედვით:
🛑უახლესი კანონმდებლობის გავლენა
- ნეგატიური ეფექტი ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
- საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირება.
🛑ზეწოლა ამომრჩევლებზე:
- არჩევნების დღის პრაქტიკამ ხელი შეუშალა ამომრჩეველს, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე.
🛑არჩევნების შემდგომი მოვლენები:
- საჩივრების არასათანადოდ განხილვა და შეზღუდული სამართლებრივი დაცვის საშუალებები
- საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, მრავალი დაპატიმრება და ბრალდებები სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით
🛑საზოგადოების ნდობა და არჩევნების კეთილსინდისიერება:
- ნეგატიური ზეგავლენა არჩევნების კეთილსინდისიერებაზე, საზოგადოების ნდობის შელახვა.
🛑სამართლებრივი ჩარჩო:
- მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატურია დემოკრატიული არჩევნებისთვის, ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა აშკარა ეჭვები გააჩინა კანონმდებლობის ბოროტად, პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ.
- საჭიროა ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვა.
🛑მედია და კამპანიის დაფინანსება:
- პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედია.
- კამპანიის დაფინანსების შეზღუდული ზედამხედველობა.
- რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
🛑წინასაარჩევნო კამპანია:
-პარტიებს, როგორც წესი, შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება, თუმცა მმართველი პარტიის უპირატესობებმა არათანაბარი სათამაშო მოედანი შექმნა.
🛑არჩევნების დღის საკითხები:
- ხშირი დარღვევები ხმის მიცემის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.
- პროცედურული შეუსაბამობები და ანგარიშები ზეწოლისა და დაშინების შესახებ.
- ხმის მიცემის პროცესის ჩაწერამ შეარყია საზოგადოების ნდობა.
🛑საჩივრების განხილვა:
- საჩივრები არჩევნების დღემდე და მის შემდეგ ხშირად არ განიხილეს მხოლოდ ტექნიკური მოსაზრებებით, რამაც შეარყია მისდამი ნდობა.
🛑არჩევნების შემდგომი პროტესტი:
- მასიური საპროტესტო აქციები ძალადობრივად იქნა დარბეული, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი დაპატიმრება.
- აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებები.
- შეკრების თავისუფლებისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა", - წერს საბა ბრაჭველი.