Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი აცხადებს, რომ მათთვის უდიდესი პატივია ქართველ პარტნიორებს თბილისსა და ბათუმში, ურბანული განვითარების სფეროში დაგროვებული 30-წლიანი გამოცდილება გაუზიარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - ასე აფასებენ მთავრობაში დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განხორციელების შესახებ გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც ხელი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
მოჰამედ ალი რაშედ ალაბარი აღნიშნავს, რომ ჯგუფი 15-ზე მეტ ქვეყანაში მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
„ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოს 15 ქვეყანაზე მეტში ვახორციელებთ საქმიანობას, მაგრამ თბილისში პირველად რომ ჩამოვედი სრულიად მომნუსხველი ეფექტი იქონია ქალაქმა ჩემზე თავისი ხალხის სილამაზით, ბუნებისა და არქიტექტურის ხიბლით და ცხოვრების სტილით. თან საოცარი სამზარეულო გაქვთ.
შემდეგ ვეწვიე ბათუმს და იქაც განცვიფრებული დავრჩი ქალაქის ენერგეტიკით და სილამაზით.
ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით.
მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებ, დიდ ურბანულ განაშენიანებას ვახორციელებ; საცხოვრებელ კომპლექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს - ყველაფერს ვაშენებთ!
ამდენად, მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა, ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა”, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
Emaar ჯგუფის დამფუძნებლის თქმით, როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ასეთი მასშტაბური პროექტების გავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე უზარმაზარია. როგორც წესი, ასეთი პროექტების შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-4 %-ით იმატებს ხოლმე; მას გავლენა აქვს დასაქმებაზეც როგორც მშენებლობის ფაზაში, ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც, რადგან ხდება კონტრაქტორების, არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერების, მომწოდებლების ჩართვა აღნიშნულ პროცესში. ბიზნესის კეთების პროცესში არა მხოლოდ ცოდნას ვიღრმავებთ, არამედ მოწინავე ეკოლოგიურ პრაქტიკას ვიცავთ. ახლა ხომ ცოდნის გაზიარების და გარემოს დაცვის ეპოქაა! ვუფრთხილდებით ხეებს, ჩიტებს, წყალს; თან ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ყოველივე ეს გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, სახელმწიფო შემოსავლებზე, რადგან მეტი გადასახადის მობილიზება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში; ხალხის საქმდება და სარგებელს ყველა გრძნობს. ამდენად, მშპ-ს ჭრილში 3+ იქნება მატება. არ დაგვავიწყდეს ამ პროექტის გავლენა ტურიზმის სფეროზე. უზარმაზარი იქნება ისიც! ჩემს დუბაის სავაჭრო ცენტრს 110 მლნ ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ამ რაოდენობის მომხმარებელი დუბაისთვისაც დიდი მაჩვენებელია.
ამ საოცარ ქვეყანაში - საქართველოში - ეს უზარმაზარი ინვესტიცია იცით რას გააკეთებს? ის მოტივაციას მისცემს უამრავ ინვესტორს, რომლებიც იტყვიან „ოჰო! რაღაც სასწაული ხდება საქართველოში! ჩვენც გვინდა მსგავსის გაკეთება! ჩვენც ვცდით“. ასე მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროექტები წამოვიწყეთ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია საქართველოში მუშაობა. გპირდებით, რომ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როდესაც ამხელა კაპიტალდაბანდება ხდება ქვეყანაში, ის მოცულობით პოზიტიურ გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.




























