მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მხოლოდ პიარული ნაბიჯები საკმარისი არ არის“- ნიკოლოზ ალავიძე ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაზე

ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის განახლებას ეხმიანება. ალავიძე აცხადებს, რომ ბაზრის კვლევის დაწყება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა გამოყოფილი ბიუჯეტის სიმცირე და პროექტის წარსული გამოცდილება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ალავიძემ 2019 წლის წარუმატებელი მცდელობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი პროექტი ეკონომიკურად გაუმართავი იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება შეასრულა და კომპანიას ქუთაისში დიდი მიწის ნაკვეთი გადასცა, კერძო მხარემ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

მისი თქმით, ახალი ნაბიჯების გადადგმამდე აუცილებელია გასული პერიოდის ობიექტური ანალიზი და იმის დადგენა, თუ რატომ ვერ განხორციელდა პროექტი პირველ ჯერზე. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა სტატუსი აქვს დღეს მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო კომპანიის მხრიდან.

“ეს პროექტი 2019 წელსაც იყო, როგორც გავიხსენეთ. შემოთავაზებული და განხილული იყო, თუმცა მაშინ წარმოდგენილი დადასტურება, დოკუმენტაცია, ბაზრის კვლევა და ა.შ. სრულყოფილი.

მისი ფინანსური გაანგარიშება და გათვლები არ იძლეოდა საშუალებას, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. მაშინ ამას არ ჰქონდა არც კონკურენტული უპირატესობა და არაფერი. თუმცა, მაინც მოხდა ის, რაც მოხდა: გაფორმდა ორმხრივი მემორანდუმი. ერთმა მხარემ, სახელმწიფომ, შეასრულა თავისი პირობა და გადასცა რაღაც უშველებელი მიწის ნაკვეთი ქუთაისში ამ კომპანიას, თუმცა კომპანიამ ვერ შეძლო მისი აღებული ვალდებულებების შესრულება.

ახლა წარმოდგენილია ბაზრის კვლევა, რაც რა თქმა უნდა, ლოგიკური და კარგი ნაწილია. უბრალოდ, რამდენად ადეკვატური და საქმიანი იქნება, რამდენად სწორად ასახავს ის გაცხადებული ბიუჯეტი მიზანს არ ვიცი, ჩემი მხრიდან ცოტა ძალიან მეიაფება ეს გაცხადებული ბიუჯეტი. ასეთ მოკლე ვადაში და ასეთი პატარა ბიუჯეტით სოლიდური და მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, რომელიც უკვე ამ გლობალურად ჰიპერ-განვითარებულ ბაზარს ეხება, რაღაცა კითხვის ნიშნებს აჩენს.

ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ პროექტის ობიექტურად შეფასებისთვის და იმისთვის, თუ გვინდა, რომ ნამდვილად შედეგი დადგეს, ამ გავლილი პერიოდის შესწავლა. დადგენა რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რა სტატუსი აქვს ახლა მაშინ მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს სახელმწიფოს და კერძო კომპანიის მხრიდან.

ეს იქნებოდა ობიექტური და სწორი ნაბიჯი და არა მხოლოდ პიარული განცხადება. რა თქმა უნდა, კარგია, რომ BDO-ს საერთაშორისო გუნდია ჩართული კვლევაში, თუმცა კიდევ ერთხელ - შვიდი წლის წინ ეს დარგი ასე ძლიერად არ იყო წარმოდგენილი, ახლა კი ძალიან მაღალი კონკურენციაა, ტექნოლოგიურადაც ძალიან დახვეწილია ყველაფერი. ეს არის მაღალტექნოლოგიური, კვალიფიკაციაზე დამოკიდებული სეგმენტი, სადაც პიარული ნაბიჯები საკმარისი არ არის.”-ამბობს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე.

ცნობისთვის, მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის პროექტს 7 წლის შემდეგ უბრუნდება- ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება სააგენტომ შპს „ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები