მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

ქონება წყალტუბო

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმების ადგილზე სასტუმროების განვითარების ინიციატივა კარგია, თუმცა ამას სხვა ღონისძიებები უნდა ახლდეს თან - ამის შესახებ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

ცნობისთვის, ოქტომბერში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასი ჯამში 49.2 მილიონი ლარია, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის, დღგ-ის გარეშე, ჯამურად არანაკლებ 314.013 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

როგორც თეონა ქობულაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, აუცილებელია ისეთი კომპლექსური ღონისძიებების გატარება როგორიცაა კურორტის სწორი მარკეტინგი და ადგილზე სხვა ტურისტული ობიექტების და სივრცეების შექმნა.

თეონა ქობულაძის განცხადებით, დღეს წყალტუბოს განვითარებას მხოლოდ სასტუმროების ინფრასტრუქტურის მოწყობა ვერ უზრუნველყოფს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზე ინვესტირებით არც კერძო სექტორი დაინტერესდება.

“ჯერ კიდევ 2020 წელს, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, მულტისექტორული დოკუმენტი, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად გვქონდა განსაზღვრული ყოფილი სანატორიუმების შენობებში ინვესტირება, რაც დამატებით გააძლიერებდა ჩვენი კურორტის ინფრასტრუქტურას, სოციალურ ფონს გააუმჯობესებდა და კეთილდღეობას მოიტანდა.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ ცალკე აღებული მხოლოდ შენობების აღდგენა და მათში სტუმარმასპინძლობის ობიექტების განთავსება არ იქნება ეფექტური ჩვენი კურორტის და ზოგადად მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ცხადია, ამას უნდა ახლდეს სხვა კომპლექსური ღონისძიებები. მათ შორის, სწორი მარკეტინგული სტრატეგია წყალტუბოსთან, როგორც სპა და ველნეს კურორტთან მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენთან განსაკუთრებით პრობლემატურია დამატებითი სხვა სერვისები, რაც ტურისტებს დააინტერესებს და უფრო დიდხანს გააჩერებს ჩვენს კურორტზე, როგორიც შეიძლება იყოს შემეცნებითი სივრცეების გახსნა, გასართობი ობიექტები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შენობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, ეტაპობრივად აღდგეს და შეიქმნას ახალი ტურისტული ობიექტები და ამასთანავე, განვითარდეს სხვა მიმართულებებიც, რაც როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუქმნის უკეთესი ცხოვრების პირობებს, ასევე ჩამოსულ ვიზიტორებსა თუ ტურისტებს”, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ კურორტის განვითარების პროცესში გარდა კერძო სექტორისა, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც.

“ჩვენი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიიდან და იმ პრინციპიდან, რომელზედაც ზოგადად ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ეყრდნობა. ეს არის ქვემოდან ზემოთ მიმართული მმართველობითი მიდგომა, მოდელი და მულტისექტორული თანამშრომლობა. ჩვენს სტრატეგიას საფუძვლად უდევს სამივე სექტორის გამოკითხვა, თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა. ვგულისხმობ საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადი ადგილობრივი განვითარება უნდა იყოს მულტისექტორული და ურთიერთთანამშრომლობით ამ სექტორებს შორის. ვერც კერძო სექტორი ვერ შექმნის რაიმე დოვლათს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანური რესურსიც გავითვალისწინოთ. მიგრაციის დონე ყველა რეგიონში საკმაოდ მაღალია და ჩვენთანაც ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ და პირველ რიგში, ალბათ, ნებისმიერი ნაბიჯი ადგილობრივების ჩართულობით, ადგილობრივების დაინტერესებითა და მათთვის მოტივაციის შექმნით უნდა განხორციელდეს. ვფიქრობთ, რომ სამივე სექტორმა – მოქალაქეებმა, ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ ერთდროულად უნდა იმუშაოს, რომ რაღაც პროგრესი გვქონდეს და ეს არ იყოს მხოლოდ შენობაში ჩადებული ინვესტიცია”, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები