საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება. სახელმწიფო კომპანიაში BM.GE-სთან განმარტავენ თუ რატომ შეცვალა მთავრობამ პოზიცია თელავის აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო უნდა ყოფილიყო. მიზეზი ვაზიანში დაგეგმილი დიდი აეროპორტის მშენებლობაა შესაბამისად, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ სწორი არ იქნება სიახლოვეში ორი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებდეს. ამას გარდა, აპირებენ დაზოგონ საბიუჯეტო ხარჯებიც.
"თელავის აეროპორტის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსთვის. თავდაპირველად პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას, თუმცა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის უმსხვილესი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი პროექტის დაწყების შემდეგ და ახლო რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით და სწორი საავიაციო განვითარების მიზნებისთვის, მიმდინარეობს თელავის აეროპორტის პროექტში ცვლილებების შეტანა.
თელავის აეროპორტის პროექტი 50 ათასამდე მგზავრის მომსახურებაზე იყო გათვლილი - უნდა აშენებულიყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სრულიად ახალი სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 მლნ-ზე მეტი თანხის გამოყოფას გულისხმობდა.
პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად აეროპორტი მორგებული იქნება მხოლოდ შიდა ფრენებზე, შესაბამისად, განიხილება ბიუჯეტის კორექტირება, შემცირდება აეროპორტის გამტარობა, მოხდება ტერმინალის რევიზია, მიმდინარეობს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ნაწილის კორექტირება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი დანიშნულების ფრენებისთვის განკუთვნილ ხომალდებზე იქნება მორგებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები დაუჯდება.
რამდენადაც პროექტი საკმაოდ კომპლექსურია, საჭიროებს გარკვეულ დროს სწორი ცვლილებებისთვის, რომელიც თანხვედრაში იქნება ქვეყნის საავიაციო განვითარების სწორ პოლიტიკასთან, რის შემდეგაც თელავს ექნება შიდა ფრენებზე მორგებული თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებისა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განვითარებას, ასევე რეგიონებს შორის მობილობის გაზრდას", - უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში.
თავდაპირველად, მთავრობა გეგმავდა მომავალში თელავის აეროპორტი საერთაშორისოდ გარდაექმნა.
"გეგმაში გვაქვს, რომ თელავის აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები წელსვე დავიწყოთ, რომ რაც შეძლება მალე მიიღოს თელავის აეროპორტმა პირველი მგზავრი. არსებული ხელშეკრულება, რომელიც მართვის მოდელით არის გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაცია TAV-ზე, ზღუდავს მთავრობას, რომ გახსნას და აოპერიროს თელავის აეროპორტი მანამ, სანამ არსებული ხელშეკრულება არის ძალაში. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2027 წლის დასაწყისში და აღნიშნული ტერმინალის დაგეგმარებაც და პროექტირებაც ისეთი ფორმით კეთდება, რომ ქვეყანამ შეძლოს საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შესაბამისი ცვლილებების შეტანით, შემდგომში გარდაქმნას შიდა აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტად,“- აცხადებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი 2024 წელს. აღნიშნულის შესახებ კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.


























