Tbilisi Hills-ის მმართველი პარტნიორის, ესტონელი ბიზნესმენის ოლეგ ოსინოვსკის თქმით, მხოლოდ წელს, Tbilisi Hills-ის პროექტის გაფართოებას 20 მლნ ევროს ინვესტიციები დაემატა. ამის შესახებ ინვესტორმა BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრა. მისი თქმით, "ფლაგმანი პროექტი Tbilisi Hills-ი ვითარდება".
"დღეს ჩვენ უკვე დავასრულეთ ახალი სპას პროექტი. ეს იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სპა - 4000 კვადრატული მეტრის ფართობის. ის ესპანელებმა დააპროექტეს ბარსელონაში. ასე რომ, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება, გვყავს მერი თუ არა გარდაბანში, ჩვენ დავიწყებთ შემდეგ ეტაპს. დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით ვართ დაშორებული სკოლის მშენებლობის დაწყებიდან - ახალი გოლფ-კლუბის. ზოგადად, ჩვენთან საკმაოდ წარმატებულად მიდის საქმე.
სხვათა შორის, ახლა, როდესაც თბილისში სმოგი იყო, ჩვენთან მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, რომლებსაც უნდოდათ ჩვენთან ბინების, მიწის და ყველაფერ დანარჩენის ყიდვა, რადგან ხალხს ესმის, რომ თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე ყოფნა და სუფთა ჰაერზე ცხოვრება, ფანტასტიკური ხედებით და ასე შემდეგ, სრულ ინფრასტრუქტურაში, მწვანე პროექტში, უპირატესობაა, ვიდრე თბილისში ცხოვრება, რადგან თბილისი ამ საკითხს ვერ გაუმკლავდება, ეს შეუძლებელია. ქალაქში, რომელიც ხეობაში მდებარეობს, ეკოლოგია ყოველთვის ცუდი იქნება", - განაცხადა მან.
მისი თქმით, "თბილისი ჰილსი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ახლა თავადაა, მისთვის გამორჩეულად საყვარელი პროექტია.
"ჩვენ გამოვისყიდეთ ყველა წილი. Tbilisi Hills-ის 100%-იანი მფლობელი ახლა ჩვენ - Skinest Group-ი ვართ, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოსი.
მე კიდევ ერთხელ ვაღიარებ სიყვარულს საქართველოს მიმართ. მე მჯერა საქართველოსი და იმის, რომ საქართველოში ყველაფერი საბოლოოდ კარგად იქნება. ამიტომ ჩვენ ასეთ რისკებზე მივდივართ და ჩვენ მხოლოდ წელს, ესტონეთიდან 20 მილიონი ევროს პირდაპირი ინვესტიციები დავამატეთ Tbilisi Hills-ში", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, თუ Tbilisi Hills-ის სრულ ტერიტორიას - 330 ჰექტარს განავითარებენ, ჯამური ინვესტიცია თითქმის $1 მილიარდი იქნება.
ცნობისთვის, "თბილისი ჰილსი" დედაქალაქის უმსხვილეს გოლფ კლუბს და მაღალი კლასის ვილებს აერთიანებს. "თბილისი ჰილსის", იგივე შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის" 100%-იანი წილის მფლობელი ოსინოვსკის მიერ დაფუძნებული სარკინიგზო სერვისების მიმწოდებელი ესტონური კომპანია Skinest Rail-ია.
2014 წელს, საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით, 331 ჰექტარის მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად გადასცა. სახელმწიფომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების განუსაზღვრა, კერძოდ, ინვესტორს ტერიტორიაზე სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა დაევალა, რაშიც ინვესტიციის სახით მინიმუმ 6.4 მილიონი ლარი უნდა ჩაედო. შესაბამისად, მიწის ღირებულებისა და საინვესტიციო ვალდებულება 15.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც კვადრატულ მეტრზე გადათვლით მხოლოდ 4.65 ლარს შეადგენდა.



























