"ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში მოსაზიდად დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები არსებული კომპანიებისთვის კონკურენციას არ გაზრდის. მან ამის შესახებ BMG-ს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოში ახალი კატეგორიის სანებართვო ჩარჩო იქმნება, რომელიც სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში ლეგალურ შემოსვლას წაახალისებს, თუმცა მათ ვებგვერდებზე საქართველოს მოქალაქეებს წვდომა არ ექნებათ. ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი შოთა ბერეკაშვილია.
შოთა ბერეკაშვილი ცვლილებების ეკონომიკურ სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას.
"ახალი ნებართვის ტიპი შემოდის საერთაშორისო ოპერატორებისთვის, რომლებსაც ექნებათ საშუალება, რომ ელექტრონული თამაშების ორგანიზება განახორციელონ. აღნიშნული კომპანიების ვებგვერდები არ იქნება მისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო კომპანიები შემოვლენ, ისინი შექმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს, ასევე ეს ნიშნავს დამატებით შემოსავლებს ბიუჯეტში და საერთო ჯამში, დამატებითი შემოსავლები ნიშნავს უფრო მეტ სოციალურ პროგრამებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.
არსებულ კომპანიებთან ისინი კონკურენციაში ვერ შევლენ, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ისინი არ ოპერირებენ საქართველოში, ისინი ოპერირებენ საქართველოს გარეთ, საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად, ერთი მხრივ მათი ოპერაციებიდან მოხდება გარკვეული შემოსავლების მიღება, მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის წვდომა მათ პლატფორმებზე იქნება ჩაკეტილი",- ამბობს შოთა ბერეკაშვილი.




























