დღეს, 22 ივლისს, „ბათუმელებმა“ გადაიხადა 47 ათასი ლარი. სწორედ ამ ოდენობის დავალიანება, ძირი თანხა ჰქონდა ორგანიზაციას ბიუჯეტის წინაშე. „ბათუმელებმა“ ამ დავალიანების დაფარვა მოახერხა მკითხველის მხარდაჭერით - წერს გამოცემა.
"ამ ეტაპზე „ბათუმელებს“ გადასახდელი დარჩა ძირ თანხაზე დარიცხული საურავი და ჯარიმა: საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
ინკასო, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლებამა გამოიყენა მზია ამაღლობელის განაჩენის ეტაპზე. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ინკასო და უახლეს მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.
ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.
„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.
ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი გვითხრეს", - წერს "ბათუმელები".
შემოსავლების სამსახური "ბათუმელების" საგადასახადო დავალიანების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
უწყებაში ირწმუნებიან, რომ მედიაპლატფორმას 282 191 ლარის საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება და ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ყადაღა მოიხსნას.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო 17 ივლისს დაედო. „ბათუმელების" განცხადებით, პირველ ივლისს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ. მედიაორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინკასოს მუქარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და ითხოვეს ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რაზედაც უარი მიიღეს.


























