მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ნაცვლად, სჯობს, სპეციალისტები აქ მოვიწვიოთ - ილია გოცაძე

ილია გოცაძე

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში მკურნალობაზე 33 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, მაშინ როცა უცხოელების ხარჯი საქართველოში 2 მილიონ დოლარამდე იყო. რაც შეეხება რაოდენობრივ მონაცემებს, საზღვარგარეთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი მიზნით 50 000 მოქალაქე გაემგზავრა.

უცხოეთში სამკურნალოდ წამსვლელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ონკოპაციენტები არიან. ონკოქირურგი ილია გოცაძე ამბობს, რომ საქართველოს აქვს როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური რესურსი იმისთვის, რომ ონკოპაციენტები ადგილზე მართოს, მაგრამ არა ყველგან.

გოცაძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამა პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ სჯობს სპეციალისტები საქართველოში ჩამოვიყვანოთ და თუ საჭიროა, ადგილობრივი პროფესიონალების გადამზადება დაიწყოს.

“რეფორმებია გასატარებელი, რათა ყველა კლინიკა, ყველა ექიმი შეესაბამებოდეს გარკვეულ ალგორითმს და საერთო დონეს. ეს დონე უნდა იყოს კონტროლირებადი. მათ შორის უნდა გაკონტროლდეს მაგალითად, ილია გოცაძე რამდენად ხარისხიანად აკეთებს ოპერაციებს და სხვა როგორ აკეთებს. ზოგადად, როცა ეს უფრო გამჭვირვალედ და კარგად იქნება გაკონტროლებული, ანუ პაციენტს ეცოდინება, რომ ჩვენი სერტიფიკატი მართლა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტს და ასევე, ჩვენ მართლა ვაკეთებთ იმას, რასაც მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაშინ მისი ნდობა სულ სხვა დონე იქნება. შესაბამისად, ჩემი აზრით, მომართვიანობა და პაციენტების რაოდენობა, ვინც საქართველოში დარჩება, მეტი იქნება.

არავინ იცის, ჩვენ კარგები ვართ თუ ცუდები. ანუ სამინისტრომ არ იცის და მე ვარ მომხრე იმისი, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ შეისწავლოს და პაციენტი იყოს გაგზავნილი იმ ექიმთან, ვინც გადამოწმებულად შეესაბამება თანამედროვე დონეს. სჯობს, რომ ფული კი არ გადავუხადოთ პაციენტს და გავაგზავნოთ ეს ფული სხვა ქვეყანაში, არამედ მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები, მათ გადავუხადოთ ფული და თუ სადმე გვიჭირს და გამოცდილება არ გვაქვს, აქ ჩამოსულმა ექიმმა გვასწავლოს, გაგვიზიაროს გამოცდილება, რათა ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ პაციენტს", - ამბობს ონკოქირურგი ილია გოცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები