„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაწილში კომუნიკაციის პრობლემა დგას“ - ამის შესახებ bm.ge-ს British American Tobacco"-ს კავკასიასა და მოლდოვაში კორპორატიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.
როგორც სხვიტარიძე აღნიშნავს, მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით კომუნიკაცია არადამაკმაყოფილებელი და მეტიც, სავალალოა.
„უკვე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგი იმპლემენტაციის კუთხით კომუნიკაცია არსებობს და პრობლემა არ არის. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების კუთხით აბსოლუტურად არაადეკვატური და არალერევანტური მდგომარეობაა. იმედია საერთო ჯამში ამას მთავრობა გამოასწორებს.
თამბაქოს ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ია. თამბაქოს ბიზნესის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს ბიზნესის განვითარებას არ გულისხმობს, ეს პირდაპირ და არაპირდაპირ 50 000 ადამიანის უშუალო ბედს გულისხმობს.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაწილში კომუნიკაციის პრობლემა დგას. მაგალითად, როგორიც არის აქციზის 52%-ის ზრდა გასული წლის დეკემბერში. ჩვენ ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგეთ, რაც სახელმწიფომ ეს გადაწყევტილება მიიღო. ამ ნაწილში კომუნიკაციის ძალიან დიდი პრობლემაა“ - განმარტა ზვიად სხვიტარიძემ.
სხვიტარიძის განცხადებითვე, თუ მთავრობის მხრიდან მწყობრი მიდგომა არ იქნა, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში თამბაქოს ბიზნესში მყოფ 50 000 ადამიანს და ქვეყნის ბიუჯეტს დააზარალებს.
„400 მლნ ლარამდეა ის დანაკარგი, რასაც საქართველოს ბიუჯეტი ამ უგუნური პოლიტიკის გამო განიცდის, ვგულისხმობ აქციზის გადასახადს. აქციზის გადასახადის ზრდამ, 2018 წლის დეკემბრის ზრდას ვგულისხმობ, ქვეყნის ბიუჯეტს და კომპანიებს პირდაპირ დაარტყა" - აცხადებს სხვიტარიძე.

























