მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს IT კომპანიებისთვის...მოვიდნენ და დაგვლუქეს"– Appolo 11

623af03c6986b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.22 14:30
2473
“ჩვენთვის დიდი ხნით გაჩერება ფაქტიურად კომპანიის და ბიზნესის გაკოტრების ტოლფასია” - ამ განცხადებას ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Appolo 11-ის ტექნიკური დირექტორი ზურა სეხნიაშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კომპანიას ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები გაუგებარი მიზეზების გამო შეექმნა და ამ დროისთვის დასაქმებულები თავისი სერვისების განვითარებას შეზღუდულად ახორციელებენ.

ზურა სეხნიაშვილი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზეზებსა და მოტივებს განმარტავს და IT კომპანიებს არსებულ გაუგებრობის თავიდან არიდების რეკომენდაციას აძლევენ.

„მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს IT კომპანიებისთვის. Apollo 11 კომპანიაა, რომელიც ბოლო 5 წელია 100%-ით ევროპის ბაზარზე მუშაობს. ორშაბათს აპოლო11-ში შემოვიდა ფინანსური პოლიცია სასამართლოს განჩინებით, დალუქეს ყველა კომპიუტერი, ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს რაღაც დოკუმენტები. დალუქეს მთლიანად ოფისი და გაგვიშვეს სახლებში.

რა არის ამის მიზეზი?

ჩვენს შენობაში, სადაც იჯარით გვაქვს აღებული ფართი, ასევე იჯარით ქონდა აღებული ფართი ე.წ. ქოლ ცენტრს, რომლებიც, როგორც ირკვევა, ფინანსურ მაქინაციებში იყვნენ ჩართული. კერძოდ: რეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და უცხოელ პენსიონერებს „კერავდნენ“ თანხა ჩაედოთ გაურკვეველ ინვესტიციაში.

სანამ სასამართლოს განჩინებით მოვიდოდნენ ოფისის დასალუქად მანამდე გამომძიებლები იყვნენ მოსულები და გვეკითხებოდნენ რას ვსაქმიანობდით. ავუხსენით დეტალურად, რასაც ვაკეთებდით, თუმცა რამდენიმე დღეში მოვიდნენ სასამართლოს განჩინებით და დაგვლუქეს. რეალურად ჩვენს შენობაში არსებული ქოლ ცენტრი 1 თვის წინ დაიხურა. ისინი სადღაც გაქრნენ და ჩვენ გავხდით ამ ყველაფრის მსხვერპლი.

როდესაც ოფისში მიმდინარეობდა დალუქვის პროცესი პარალელურად მიაკითხეს კომპანიის მფლობელების (მათ შორის ჩემს) და ამ კომუნაში საკმაოდ ცნობილი ადამიანის Waska Chaduneli-ის (რომელიც Apollo 11-ის გუნდის წევრია) ბინებს. წაიღეს ბინებიდან კომპიუტერები და მყარი დისკები.

პირადად მე ჩამომართვეს და დამილუქეს როგორც სამსახურის ლეპტოპი, ისე სახლის სარენდერო კომპიუტერი, რომელზეც ვიდეოებს ვამონტაჟებ ხოლმე, სახლის ძველი ლეპტოპი და მყარი დისკი რომელზეც 10 წლის სურათების ისტორია ინახება. დაახლოებით, იგივე სიტუაცია აქვთ სხვებსაც. ყველა თანამშრომელი წავიდა სახლში და პრაქტიკულად გავჩერდით. მე, გუგა და Waska Chaduneli კომპიუტერების გარეშე დავრჩით. მე დედაჩემს "წავართვი" კომპიუტერი, გუგამ და ვასკამ თავიანთ ცოლის ძმებს რომ შევძლოთ რამენაირად ფუნქციონირება. არადა 1 კვირის წინ გავუშვით პროდაქშენში ჩვენი ახალი პროდუქტი "Online Timed Auctions", რომელიც ახლა აქტიური „საფორთის“ ფაზაშია.

კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ როგორც კომპანიის ისე ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაგვიყადაღეს: მე, ვასკას, გუგას და კომპანიის CEO-ს - Irakli Svanidze-ს. სანამ არ გაირკვევა მანამდე ასე უნდა იყოს. არ ვიცი ვინმეს აინტერესებს თუ არა ის, რომ ოჯახები გვყავს სარჩენი და პატარა ბავშვები გვყავს ოჯახებში.

ამაზე უარესი ისაა, რომ ვერ გვეუბნებიან დაახლოებით მაინც რამდენი ხანი დაჭირდება ამ საქმის გამოძიებას.

რატომ ვწერთ ამ პოსტს?

1. თუ გაქვთ IT კომპანია და ეწევით უცხოურ ბაზარზე საქმიანობას იყავით ფრთხილად, რომ არ მოხვდეთ მსგავსი გაუგებრობის ქვეშ და შეხვდეთ მომზადებული. თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ შეიძლება თქვენც დაგლუქონ, თანხა ქეშად იმდენი მაინც იქონიეთ, რომ არ იფიქროთ იმაზე, დროზე თუ არ გაირკვა - რა უნდა ქნათ და ოჯახი რით შეინახოთ.

2. თუ არ გვიცნობთ, გვინდა გაიგოთ - ვინ ვართ და საერთო სამეგობროში გაიკითხოთ ჩვენს კომპანიაზე. შეიძლება ჩვენი თანამშრომლები თქვენი მეგობრები არიან.

3. თუ გვიცნობთ და გჯერათ, რომ ჩვენ აბსოლუტური გაუგებრობის მსხვერპლი ვართ და სურვილი გაქვთ რამენაირად დაგვეხმაროთ კომენტარებში დაწერეთ რა იცით ჩვენზე, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ზოგიერთ ამ „ქომუნითის“ აქტიურ წევრს 11 წელია ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მათ სჯერათ, რომ ამ გაუგებრობასთან არაფერ შუაში ვართ.

თუ რამენაირად მიგიწვდებათ ხმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან, ან ადამიანებთან, ვინც მათ იცნობენ უთხარით ვინ ვართ. აჩვენეთ ჩვენი YouTube არხი. აჩვენეთ იმ ადამიანების პროფილები ვინც ამ კომპანიის წევრები არიან და ქართული კომუნა იცნობს მეტ ნაკლებად. Guga Grigolia, Waska Chaduneli, ზურა კუპატაძე, ზურა სეხნიაშვილი.

5 წელია ვცდილობთ კომფორტული გარემო შევქმნათ, სადაც თანამშრომელს მოსვლა უხარია და დასანანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება. ეს ყველაფერი სურვილს გიკარგავს ამ ქვეყნიდან შენთვის წყნარად აკეთო წესიერი საქმე და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოუტანო“, - წერს კომპანია Apollo-ს ტექნიკური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები