მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, ევროდირექტივა "არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკაზე" საქართველოში სწორი ფორმით დაინერგოს - რიჟამაძე

რიჟამაძე

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ევროდირექტივა “არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ” საქართველოს ბაზარზე სწორი ფორმით დაინერგოს.

როგორც ლაშა რიჟამაძემ BMG‑ის ფასების საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას განუცხადა, აუცილებელია, რომ შესაბამისმა დირექტივამ გარდა გადახდის ვადებისა, სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებთან მიმართებითაც გაითვალისწინოს გარკვეული რეგულირება.

მისივე თქმით, აღნიშნული დირექტივა სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ რომ მიეღო, ახლა ბაზარზე უფრო ჯანსაღი ვითარება იქნებოდა.

“პარლამენტის მიერ გაცემულმა რეკომენდაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აუცილებელია მიღებული იქნეს ის მარეგულირებელი კანონმდებლობა სამართლიანი სავაჭრო პირობების შესახებ, რომელზეც ასოციაცია წლების განმავლობაში საუბრობს, მთლიანად სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებლები საუბრობენ და ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასწარმოქმნაში. ჯერ კიდევ 2020 წელს გვქონდა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ მოკვლევაში კონკურენციის სააგენტოს გაცემული რეკომენდაცია აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ცალსახად კარგია, რომ დღეს შეიძლება ველოდოთ ამ კანონს უკვე.

უბრალოდ მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად იყოს გადმოტანილი ის ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე და მათ შორის სხვა განვითარებული ქვეყნების მარეგულირებელი კანონმდებლობა და მნიშვნელოვანია სწორი იმპლემენტაცია, თუ გვინდა, რომ რაიმე კუთხით დადებითი როლი და შედეგი ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ორ კომპონენტზე - გადახდის ვადასა და ნაშთებთან წვდომასთან დაკავშირებით, მხოლოდ ეს ორი კომპონენტი ვერ იქნება საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის, რომელიც რეკომენდაციაში არის გაწერილი. მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე მთელი რიგი სხვა ქმედებების განსაზღვრა, რამაც უნდა დაამკვიდროს სამართლიანი სავაჭრო პირობები რეალურად ბაზარზე.

თუ ჩვენ ეს კანონი გვექნებოდა მიღებული რამდენიმე წლის წინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბევრად უკეთესი მოცემულობა შეიძლება გვქონოდა და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური სიზუსტით და სიფრთხილით, მათ შორის, იყოს ეს კანონი გადმოტანილი.

[ევროკავშირში] არის მთელი რიგი ქმედებები აკრძალული, დადგენილი კონკრეტული ჩარჩო-პირობები გადასახადებთან მიმართებით, რომელიც საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების მიერაა დაწესებული, ანუ მარკეტების მიერ მწარმოებლისა და დისტრიბუტორისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რამაც შეიძლება დააზიანოს თვითონ რითეილ სექტორიც, გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც ფიზიკურად ვერ გადაეწყობიან დროის მოკლე პერიოდში მკაცრი რეგულაციების პირობებში და მათაც ამისათვის სჭირდებათ დრო, რომ ეტაპობრივად გადაეწყონ და ეტაპობრივად გაჯანსაღდეს მთლიანობაში ბაზარი”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები