2018 წელს ქართულ ბაზარზე კომპანია IBCCS Georgia გამოჩნდა, რომელიც უკვე 5 წელია, რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ფინანსურ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.
IBCCS Georgia დაინტერესებულ პირებს როგორც კომპანიის დაფუძნებასა და მართვაში, ასევე სხვა ქვეყნიდან რეალოკაციაში, იურიდიული, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხების მოგვარებასა და უძრავ ქონებაში ინვესტირებაში ეხმარება. კომპანიის შექმნის ისტორიის, განვითარების გზის, არსებული შეთავაზებებისა და კონკურენტული უპირატესობის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" IBCCS Georgia-ს თანადამფუძნებელმა და რეგიონულმა დირექტორმა ირაკლი არჯევანიძემ და კომპანიის პარტნიორმა, საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან აღოშაშვილმა ისაუბრეს.
ირაკლი არჯევანიძე კომპანიის შექმნის ამბავს Google-ს შექმნის ისტორიას ადარებს და ამბობს, რომ კომპანიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს, კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად გაჩნდა.
"ეს ამბავი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან, კვიპროსის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლებისას დაიწყო. 2014 წელს ჩემს რუმმეითთან ერთად დავაფუძნე ეს კომპანია, 2018 წელს კომპანია უკვე საქართველოში გაიხსნა, 2020-ში კი ესტონეთში.
როდესაც კომპანიას ვაფუძნებდი, მაშინ უკვე მქონდა გაკეთებული რამდენიმე სტარტაპი და ვიცოდი, რამდენად სარგებლიანი იყო ესტონური მოდელი ბიზნესისთვის და შემდეგ რამდენად ადვილი იყო ამ ყველაფრის მართვა, დაფუძნებიდან დეკლარაციასა თუ დივიდენდის გაცემამდე. როდესაც ამ ყველაფერს ჩემს მეგობარ სტუდენტებთან ვყვებოდი თავიდან დაუჯერებელი იყო, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კვიპროსს, რომელიც ბიზნეს სერვისების მიწოდების ჰაბია, საქართველოსთან არანაირი ბმა არ ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ კვიპროსული ქსელი შეგვექმნა", - ამბობს ირაკლი არჯევანიძე.
კომპანიის თანადამფუძნებელი და რეგიონული დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოიზიდოს. თუმცა მისივე განმარტებით, ეს რესურსი დღეს სრულად ათვისებული არ არის, IBCCS Georgia-ს შექმნის მიზანი კი, სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხია.
"ამ კომპანიის საშუალებით ჩვენ ვართ ბიზნეს ელჩები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენს ქვეყანას უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია როგორც გეოგრაფიულად, ასევე საგადასახადო, მართვისა და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ეს რესურსი, ვფიქრობ, ჯერ სრულად აღმოჩენილი არ არის, არა თუ ათვისებული. ყველაფერს ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცოდეს იმის შესახებ, რომ აქ ბიზნესის კეთება და საგადასახადო სისტემა მარტივია. ვფიქრობ, ეს ჯერ ყველამ არ იცის. IBCCS Georgia-ს შექმნაც სწორედ ამის ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ჩვენ გვჭირდებოდა პირდაპირი კავშირი ინვესტორებთან და მათ ინტერესებთან", - ამბობს IBCCS Georgia-ს დამფუძნებელი და რეგიონული დირექტორი, ირაკლი არჯევანიძე.
IBCCS Georgia-ს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან აღოშაშვილი კი აღნიშნავს, კომპანიის მომხმარებლისთვის დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი და ამავე დროს მაღალხარისხიანი შეთავაზებები აქვთ, რაც ძირითადად იურიდიულ და ფინანსურ საგადასახადო სერვისებს უკავშირდება.
"საგადასახადო მიმართულება დღეს კიდევ არ არის საქართველოში იმ დონეზე აღიარებული, როგორც მაგალითად ფინანსური. საგადასახადო მიმართულებით მნიშვნელოვანია, როგორც დაგეგმვა, ასევე შემდგომი სერვისები, რაც საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას მოიაზრებს. ჩვენ ვართ ბიზნესების პარტნიორები, მათი მრჩევლები. დაკვეთებს არ ველოდებით, არამედ პირდაპირ ვთავაზობთ მათ იმას, რაც სჭირდებათ. შეიძლება ბიზნესს ეგონოს რომ რაღაც კონკრეტული სჭირდება, თუმცა აღმოჩნდება ხოლმე რომ სრულიად სხვა რაღაცაა საჭირო. რა რეკომენდაციებსაც გავცემთ და რაზეც მივიღებთ დაკვეთას, იმის აღსრულებაც შეგვიძლია", - ამბობს ქეთევან აღოშაშვილი.
IBCCS Georgia-ს წარმომადგენლებმა "ბიზნესის კვირეულში" საუბრისას იმ რამდენიმე უპირატესობას გაუსვეს ხაზი, რაც მათი შეფასებით, კომპანიის ეფექტიანად მუშაობისა და კლიენტების რაოდენობის ზრდის გარანტია.
"ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა სჭირდება ბიზნესს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა მაღალი ხარისხი და დროულობა. რაც მთავარია, ჩვენი სერვისები დაზღვეულია. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც ისარგებლებს ჩვენი სერვისით და რაიმე ხარვეზი იქნება, დაზღვევა მას აუნაზღაურებს", - აცხადებს კომპანიის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან აღოშაშვილი.
"ერთ-ერთი პირობა რასაც ჩვენ ინვესტორების წინაშე ვდებთ ის არის, რომ ყოველთვის ვიქნებით ტრანსფარანტულები და პირდაპირები. მეორე კი ის, რომ ჩვენ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას არასდროს მივიღებთ. ეს არის ორი დათქმა, რომელსაც ყველა შეხვედრის წინ ვაჟღერებთ და ეს ძალიან გვიადვილებს საქმეს. მაგალითად, ბათუმში უძრავი ქონების ყიდვის შემთხვევაში, ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ მზიანი დღეების რაოდენობა არ არის ისეთი, როგორიც ევროპის მზიან კურორტებზეა. თბილისის შემთხვევაში კი ვეუბნებით, რომ უძრავი ქონება უნდა იყიდონ იქ, სადაც გაქირავებაზე მოთხოვნა მაღალია. ფიზიკურ პირებს ვეუბნებით, თუ რამდენის გადახდა მოუწევთ, იურიდიულს პირების ვუხსნით, თუ რა პასუხისმგებლობები ექნებათ", - განაცხადა IBCCS Georgia-ს თანადამფუძნებელმა და რეგიონულმა დირექტორმა ირაკლი არჯევანიძემ.
კომპანიის წარმომადგენლები დღეს საქართველოში საინვესტიციოდ ოთხ ყველაზე მიმზიდველ ინდუსტრიას ასახელებენ, ესენია: სოფლის მეურნეობა, სერვისების მიწოდება, ტურიზმი, ლოჯისტიკა და სასაწყობე მეურნეობა.
გარდა ამისა, IBCCS Georgia-ში განმარტავენ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და თუ ადრე ინვესტორების დიდი ნაწილი უპირატესობას უძრავ ქონებაში ინვესტირებას ანიჭებდა, ახლა IT და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. მათივე თქმით, კომპანია ცდილობს, ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებისთვის საინტერესო შეთავაზებები უზრუნველყოს.