მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინებისთვის... თუნდაც ივანიშვილი იყოს ან ნებისმიერი ადამიანი - დეპუტატი ოფშორის საგადასახადო შეღავათზე

ბეჟან წაქაძე

ოფშორიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ეს კონკრეტული ცვლილება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისთვის იქნება კარგი.

BMG-ის კითხვების საპასუხოდ ის აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი ამ ცვლილებებზე დიდი ხანია მუშაობს და ეს ცვლილებები იქნება ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორიდან კომპანიის ქვეყანაში გადმოტანა თუ სხვა, საქართველოს კარგის მეტს არაფერი მოუტანს.

„ამაზე ჩვენ ადრეც ვმუშაობდით, მაგრამ დასაზუსტებელი იყო რაღაცები, დავაზუსტეთ და გავაკეთეთ ეს კანონპროექტი.

  • ივანიშვილი იყო ჩართული ამ პროცესში?

ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. ამ განხილვებში ვართ ჩართული ადამიანები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან, შეკითხვები გვქონდა, მივწერეთ საფინანსო ორგანოებს, გავიარეთ ეს თემა. ეს მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოდინებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ოფშორულ ზონაში არსებული ყველა ეს რესურსი მათ შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ. კარგის მეტს ეს არაფერს მოიტანს, თუნდაც იყოს ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერი ადამიანი, ეს კარგია და ქვეყანას სიკეთის გარდა არაფერს აძლევს“, - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე - მოკვლეული და შეფასებული თუ აქვს კანონპროექტის ავტორებს დაახლოებით რამდენი კომპანიაა დაინტერესებული ოფშორიდან საქართველოში აქტივების გადმოტანით - ბეჟან წაქაძე ასე პასუხობს: „მაგ აქტივების დათვლა გამორიცხულია, ვერ დათვლი, ოფშორშია და იმიტომ. მაგრამ დაახლოებითი ინფორმაცია გვაქვს და იმის რა ნაწილი გადმოვა საქართველოში ვნახავთ. ძალიან დიდი თანხებია. შეიძლება რამდენიმე მსხვილი კომპანია გადმოვიდეს საქართველოში. უამრავ ქართველს აქვს რეგისტრირებული ოფშორში კომპანიები და მათზეა საუბარი. წინასწარ არავის მოუმართავს... როცა შეღავათს მისცემ ასეთ ბიზნესს ის დაინტერესდება და იქიდან აუცილებლად წამოვა. რამდენი წამოვა არ ვიცით, მაგრამ ერთი ან ხუთიც რომ წამოვიდეს მაინც კარგია, იმიტომ რომ ეს საქართველოში მოვა“.

წაქაძე იმასაც აცხადებს, რომ დაბეგვრის რეჟიმი იმიტომ იხსნება, რომ კომპანიებისთვის საქართველოში გადმოსვლა საინტერესო იყოს.

რაც შეეხება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, მისი ავტორი, იზიარებს პაატა კვიჟინაძის არგუმენტს, იმის შესახებ რომ ამ ცვლილებების დაჩქარებულად მიღება, მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის დაჩქარების აუცილებლობიდან გამომდინარეობდა.

„ამ კანონპროექტის პაკეტში იყო საგადასახადო ამნისტიის ნაწილი, რომელიც რაც უფრო სწრაფად იქნება, მით უფრო შეღავათი მიეცემა მოსახლეობას. ეს არის მიზეზი და რადგან ეს (ოფშორებიდან ბიზნესის გადმოტანისას საგადასახადო შეღავათები) ერთ პაკეტში მოიაზრებოდა, ესეც გამოვიდა, თორემ არანაირი პრობლემა არ იყო ამას ხვალ მივიღებდით თუ ზეგ“, - განაცხადა წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები