მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, ქვეყანაში საერთაშორისო ფონდები შემოვიდნენ" - რა გამოწვევები აქვს ბიოტექნოლოგიურ სექტორს?

ბარამიძე

ბიოტექნოლოგიური კომპანია Oxgen solutions-ის დამფუძნებელი, ვლადიმერ ბარამიძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიოტექნოლოგიური სექტორის გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ბიოტექნოლოგიური მიმართულებით, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რათა სექტორი განვითარდეს. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაც.

„ვაწარმოებთ რეაქტივებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მოლეკულური ბიოლოგიური ანალიზები გავაკეთოთ, რაშიც შედის დნმ-ისა და რნმ-ის კვლევაც. ეს საშუალებას გვაძლევს ონკოლოგიური, ინფექციური და სხვა კვლევების მიმართულებებით ვიმუშაოთ და სწრაფად და მაღალი ხარისხით და სიზუსტით დავადგინოთ, რა ხდება და რა ორგანიზმთან გვაქვს საქმე. კოვიდის შემდეგ ყველამ იცის PCR ტესტი, თუმცა ჩვენ, ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, როდესაც არავინ იცოდა მის შესახებ და ახალი ტექნოლოგია იყო. დღეს კი, უკვე ვხვდებით, რომ ეს ანალიზები აუცილებელია და ყველგან უნდა კეთდებოდეს.

ადამიანური კაპიტალი ძალიან ძლიერი გვაქვს. თუმცა გამოწვევაა კანონმდებლობაში, სადაც რეგულაციებია სრულად გადასახედი. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ქვაბში იყოს მოხარშული და საჭიროა რაღაცების გამიჯვნა", - განაცხადა ვლადიმერ ბარამიძემ.

მისივე თქმით, სექტორის დიდი გამოწვევაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც, რადგან ქვეყანაში შესაბამისი დამფინანსებელი ორგანო მხოლოდ GITA არის, რომელსაც დიდი რესურსი არ აქვს.

"საჭიროა მეტი ცოდნა და დახმარება ბიოტექ მიმართულების განვითარებისთვის. არ არის მარტივი, ერთ დღეში დაიბადოს ახალი ტექნოლოგია. ამას სჭირდება წლები, ამას სჭირდება განვითარება. ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით, ჩვენ პანდემიამდე GITA-მ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წარმოება გაგვეახლებინა. თუმცა, მარტო GITA-აა დაფინანსების წყარო და სწორედ ესაა პრობლემა, რადგან მას არ აქვს ამხელა რესურსი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ფონდები შემოვიდნენ და შევძლოთ, რომ მათაც დავუმტკიცოთ, რომ გვაქვს რესურსი“,- აცხადებს ბარამიძე.

ინფორმაციისთვის, ბიოტექნოლოგიური Oxgen solutions-ი ტესტსისტემებს ქმნის, ტესტსისტემები კი საშუალებას იძლევა დნმ-ის და რნმ-ის ანალიზები გაკეთდეს. ნატახტარში მდებარე ლაბორატორია დღეში დაახლოებით 10 000-მდე ტესტის დამზადების შესაძლებლობას იძლევა. რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება და საქართველოში დამზადებული ტესტსისტემა საერთაშორისო ბაზრებისთვის, მათ შორის ევროპისთვისაც საინტერესო პროდუქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები